LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გარდიანი“ თბილისური კულტურული ცხოვრების, „ბასიანისა“ და დიზაინერების შესახებ

346

მოდა, ღამის ცხოვრება და ხელოვნება საქართველოს დედაქალაქში არნახული სისწრაფით ვითარდება. სცენაზე უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა არტისტი გამოდის და სისტემას თავისებურად ცვლის.

თბილისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბოლო სართული, 1940-იანი წლების ნაგებობა, ისტორიული არქტიტექტურა, უამრავი წიგნი, ტროპიკული მცენარეები და დიზაინერ Gola Damian-ს ინოვაციური კოლექციის ჩვენება. ისტორიულ კედლებში საკლუბო და ვინტაჟურ სამოსში გამოწყობილი მოდელები მოძრაობენ. სწორედ ამის გამოა თბილისი ასეთი განსაკუთრებული, უძველესი ქალაქი კრეატივის რენესანს განიცდის და მას წინ უნიჭიერესი ადამიანები მიუძღვიან.

„მოდა და ღამის ცხოვრება თბილისში ნამდვილად ყვავის“ – აცხადებს გოლა და იმასაც ამატებს, რომ სწორედ კლუბებმა ითამაშეს დიდი როლი იმაში, რომ ქალაქის მიმართ ინტერესი გაიზარდა. ინტერნაციონალური საზოგადოება თბილისს შესაძლოა მხოლოდ „ბასიანის“ სანახავად აკითხავდეს, თუმცა შემდეგ ქალაქის ენერგიას შეიგრძნობს და სრულიად მოჯადოებული რჩება. ევროპისა და აზიის გასაყარზე მოთავსებულ ქვეყანას საკმაოდ რთული ისტორია აქვს და ელექტრონული სცენის განვითარება სულ რაღაც 5 წლის წინ დაიწყო. ქვეყანაში, სადაც 2013 წელს მასშტაბური ჰომოფობიური შეტაკება მოხდა, ახალი თაობა LGBTQ საზოგადოების უფლებებს სულ უფრო და უფრო მეტად იცავს.

ღამის ცხოვრება და LGBTQ

ნია გვათუა (Nia Gvatua) პირველი გეი ბარის – Success Bar-ის დამაარსებელია. პატარა ბარი 2000 წლიდან არსებობს, თუმცა ნიამ ის 2017 წლის მარტში თავიდან გახსნა და უმცირესობების წარმომადგენლებს შეკრების ადგილი გაუჩინა. როგორც ის იხსენებს, ეს ყველაფერი მარტივი არ ყოფილა, მას უამრავი პრობლემა ჰქონდა, ემუქრებოდნენ კიდეც, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა.

თბილისის კლუბური სცენა სულ უფრო და უფრო ტოლერანტული ხდება. Café Gallery 2011 წელს გაიხსნა და იქ ყველა გენდერისა და სექსუალური ორიენტაციის ადამიანს ერთნაირად ხვდებიან. თუმცა, ღამის ცხოვრება Basiani-ს გარეშე მართლაც წარმოუდგენელია. ეს არის კლუბი, რომელმაც თბილისზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა. დინამოს სტადიონის ქვეშ განთავსებული სივრცე ორ – დიდ და პატარა ოთახებს მოიცავს და ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა. როგორც ქალაქის ტექნო სცენის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ანა ყუბლაშვილი აცხადებს, ქართველებს მოსმენა და ცეკვა უყვართ. კლუბი მათთვის თავისუფლებასთან ასოცირდება, ბასიანი კი არის ადგილი, რომელიც როგორც ქართველ ასევე უცხოელ მელომანებსაც მრავლად იზიდავს.

თბილისის რუკაზე სხვა კლუბები – „ხიდი“, „მტკვარზე“ და „Vitamin Cubes“, ასევე ბარები – „მოზაიკა“ და „მეობაც“ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ღამის ცხოვრების მოყვარულები ნამდვილად არ მოიწყენენ. ხოლო ნარკოპოლიტიკის შემსუბუქებამ ქვეყანა კიდევ უფრო მეტად ტოლერანტული გახადა.

შემოქმედებითი კლიმატი

კრეატივზე საუბარი „ფაბრიკის“ გარეშე წარმოუდგენელია. საბჭოთა ეპოქის ქარხნის ტერიტორიაზე შემოქმედებითი სივრცე 2016 წელს გაიხსნა. თავდაპირველად ყველაფერი ჰოსტელით დაიწყო, დღეს კი „ფაბრიკა“ პატარა-პატარა ბიზნესების სახლად იქცა და კრეატიული ადამიანებისთვის საუკეთესო პტათფორმას წარმოადგენს.

ალტერნატიული კრეატიული სივრცეა Chaos Concept Store, რომელიც ქუჩის მოდურ ბრენდებს აერთიანებს და ქართველ დიზაინერებთანაც აქტიურად თანამშრომლობს. შედეგად თბილისს ორი მოდის კვირეული, Tbilisi Fashion Week და Mercedes Benz Fashion Week Tbilisi აქვს, რაც ადგილობრივ დიზაინერებს უფრო მეტად განვითარების სტიმულს აძლევს.

ხელოვნება

თანამედროვე ხელოვნებას თბილისში სულ უფრო და უფრო მეტი ყურადღება ექცევა. როგორც 27 წლის არტისტი გვანცა ჯიშკარიანი ამბობს, გასულ წელს ამისთვის 2 თუ 3 გალერეა არსებობდა, წელს კი მათი რაოდენობა დამატებით 4-ით გაიზარდა. გვანცამ ხელოვნების განვითარებაში დიდი როლი შეასრულა. 3 წლის წინ მან სხვა გოგონებთან ერთად New Collective ჯგუფი ჩამოაყალიბა. მათი შემოქმედების მთავარი თემა დამოუკიდებელი საქართველოს სოციალური კონფლიქტებია და გამოფენებსაც ძალიან ხშირად აწყობენ.

შემდეგი გაჩერება გამრეკელი გალერეა, Nectar და Artrea არიან.  თანამედროვე ხელოვნების საინტერესო გამოფენებს ისინი ხშირად მასპინძლობენ. შეიძლება ითქვას, რომ საგამოფენო სივრცეების ზრდა ახალი თაობის კიდევ ერთი დამსახურებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები