დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების 96.2% არ იყო ვაქცინირებული. მათივე ცნობით, არავაქცინირებული ადამიანები მნიშვნელოვნად მაღალი რისკის წინაშე იმყოფებიან.
NCDC მოუწოდებს საზოგადოებას აიცრან, გაიკეთონ ე.წ. ბუსტერ დოზა, რადგან 2021 წლის 15 მარტიდან – 31 დეკემბრის ჩათვლით არსებული სტატისტიკა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ვაქცინა ეფექტურია და იცავს თითოეული ჩვენგანის სიცოცხლეს.
„ჩვენ ხშირად აღვნიშნავთ, რომ ვაქცინაცია მნიშვნელოვანია.
ჩვენ ხშირად მოგიწოდებთ – აიცერით, რათა არ გაგირთულდეთ დაავადება, არ დაგჭირდეთ ჰოსპიტალიზაცია, ინტენსიური მოვლა ან რეანიმაცია და არ დადგეს ლეტალური შედეგი.
ჩვენ ყოველთვის ვეყრდნობით მეცნიერულ მტკიცებულებებსა და კვლევებს. ამიტომ, მოგიწოდებდით და კვლავ მოგიწოდებთ.
აიცერით, გაიკეთეთ ბუსტერი, რადგან 2021 წლის 15 მარტი – 31 დეკემბრის სტატისტიკა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ვაქცინა ეფექტურია და იცავს თითოეული ჩვენგანის სიცოცხლეს. არავაქცინირებული ადამიანები კი მნიშვნელოვნად მაღალი რისკის წინაშე იმყოფებიან.
დადასტურებულ შემთხვევათა 88.7 % არ იყო ვაქცინირებული;
ჰოსპიტალიზირებულთა 93.6% არ იყო ვაქცინირებული;
კრიტიკული მოვლის საჭიროების მქონეთა 96% არ იყო ვაქცინირებული;
გარდაცვლილთა 96.2% არ იყო ვაქცინირებული;
შენ შეგიძლია ვაქცინაციით დაიცვა საკუთარი და საყვარელი ადამიანების სიცოცხლე“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.