“პირველადი დათვალიერების შემდეგ გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება”, – ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა.
“გარდაცვლილის აღმოჩენისთანავე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების პროცესში ჩართული იყო თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველი, ასევე, გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში ჩართულია ოჯახის მიერ მოწვეული ექსპერტი. პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, დადგენილია, რომ 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილმა აფთიაქში შეიძინა გარკვეული მედიკამენტები, რაც გამოძიების მიერ დგინდება, არის თუ არა მისი ჩანთიდან ამოღებული მედიკამენტების იდენტური”, – აცხადებს მამუკა ჭელიძე.
მამუკა ჭელიძემ ასევე დაადასტურა, რომ გარდაცვლილის მანქანიდან წერილიც ამოიღეს, სადაც გოგონა მის ანაბარზე არსებულ თანხაზე საუბრობდა.
“ამოღებულია ასევე წერილი, სადაც საუბარია ანაბარის გამოყენებაზე, რასთან დაკავშირებითაც გამოთხოვილია ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის საბანკო ანგარიშების შესახებ. ასევე, თამარ ბაჩალიაშვილის სამუშაო ადგილიდან ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, გამოიკითხნენ მისი თანამშრომლები, ოჯახის წევრები, გამოთხოვილია ვიდეოკამერის ჩანაწერები”, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.
მამუკა ჭელიძემ ასევე აღნიშნა, რომ გარდაცვლილ პროგრამისტს ფსიქოლოგი ჰყავდა, რომელიც უკვე დაკითხულია.
“ბავშვს ჰყავდა ფსიქოლოგი, რომელიც გამოძიების მიერ დაკითხულია. დეტალებზე, თუ რაზე ისაუბრა ფსიქოლოგმა, ოჯახი დღეს ძალიან მძიმე მორალურ მდგომარეობაშია და რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი არ იქნება სწორი, რომ არ დავუმძიმოთ მათ ეს მდგომარეობა. გიდასტურებთ იმას, რომ მას ჰყავდა ფსიქოლოგი, ჰქონდა გარკვეული კონსულტაციები. რა თქმა უნდა, დეტალებზე საუბარი სწორი არ იქნება”, – განაცხადა ჭელიძე.
შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალეიშვილი, 22 ივლისს, 5 დღიანი ძებნის შემდგომ თეთრიწყაროში, სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს. მისი ავტომობილი მწემსმა ტყეში აღმოაჩინა. ოჯახის მოთხოვნით საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტებიც ჩართვებიან.