სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედის, ლელა ქსოვრელის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა სრულად დაიხურა.
სხდომის დახურვის შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, რასაც დაცვის მხარეც დაეთანხმა.
დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.
ლელა ქსოვრელი შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისთვის დააკავეს, თუმცა, გამოძიების მიმდინარეობისას, მას პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, 4 წლის გოგონას ქსოვრელმა თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით, რამაც მცირეწლოვანი გოგონას ტვინის მკვეთრი შეშუპება და სისხლჩაქცევა გამოიწვია, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.
„2019 წლის 25 თებერვალს ლ.ქ.-ს წარედგინა დაზუსტებული ბრალი საქართველოს სსკ-ის 111.117-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. ასევე, 111.126-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ“ ქვეპუნქტით, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატურ ცემასა და ძალადობას გულისხმობს, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და 111.381-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულიხმობს, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 21 იანვრიდან – 22 იანვრამდე ღამის პერიოდში, ლ.ქ.-მ თავის არასრულწლოვან შვილს ნ.ზ.-ს თავის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით. მიყენებულმა დაზიანებებმა გამოიწვია სისხლჩაქცევა და თავის ტვინის მკვეთრი შეშუპება, შედეგად 2019 წლის 22 იანვარის დილის საათებში ნ.ზ. გარდაიცვალა“, – აცხადებენ პროკურატურაში.
შეგახსენებთ, რომ 22 იანვარს, სანზონაში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა გარდაცვლილი გოგონას დედა, ლელა ქსოვრელი შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის დააკავეს, მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა. ქსოვრელს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.