„ერთიანი აგროპროექტის“ფარგლებში რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო – შპს „თელეთის ყველის სახლი“ გაიხსნა.
კომპანია აწარმოებს სხვადასხვა დასახელების ყველს – მათ შორის დავარგებული ყველის რამდენიმე სახეობას, რისთვისაც კომპანია მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულს იყენებს. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზეა გათვლილი. საწარმოში დასაქმებულია 20 ადამიანი.
საწარმო „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი ახალი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებშია დაფინანსებული.
ჯამურად განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 366 010 აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 146 404 აშშ დოლარია.
„საწარმო შექმნილია სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვით. კომპანია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით გეგმავს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სისტემის – HACCP – ის დანერგვას“, – აცხადებენ სამინისტროში.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ განხორციელებული „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში დაფინანსდა 165 ახალი და 750-ზე მეტი მოქმედი საწარმო. ქვემო-ქართლის რეგიონში შეიქმნა 20 ახალი და გადაიარაღდა / გაფართოვდა 131 საწარმო.