ხვალიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება დაიწყება,- ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა.
ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში ახალი შემთხვევების დროული იდენტიფიცირება ხდება. თუმცა, აღნიშნავს, რომ გარდაბანში არსებული ეპიდემიური ვითარება საყურადღებოა.
„ისევ და ისევ ჭარბობს იმპორტირებული შემთხვევები, რომლებსაც ჩვენ დროულ იდენტიფიკაციას ვუკეთებთ და დროულად გადაგვყავს შემდგომ სამკურნალოდ. ცოტა გვაღელვებს მდგომარეობა, რაც ვითარდება ისევ და ისევ ქვემო ქართლში, გარდაბანში.
ორ სოფელში, სადაც ბოლო 20 შემთხვევა გვაქვს დადასტურებული, ხვალიდან იწყება გაფართოებული ტესტირება. სოფლების ჯგუფია, პირდაპირ გეტყვით.
ერთ-ერთ სოფელში გვაქვს უკვე 11 ინფიცირება და ხვალიდან ორ სოფელში დავიწყებთ გაფართოებულ ტესტირებას.
ვფიქრობთ, რომ ეს კლასტერი, რომელიც თანდათან ძლიერდება, დროულად ჩავახშოთ. რეგიონში დაიტესტება რამდენიმე ათასი ადამიანი. რაც შეეხება პირველწყაროს, რამდენიმე შემთხვევაში ცნობილია, სამ შემთხვევაში კი ჯერჯერობით არ ვიცით“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-16 პაციენტი გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავრობის მიერ შექმნილი საიტის StopCov.ge-ის მონაცმების თანახმად ამჟამად საქართველოში კორონავირუსის 1039 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის გამოჯანმრთლედა 900 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში ამ დროის მონაცემებით, 5534 ადამიანია მოთავსებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 267.