ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას წინააღმდეგ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ იუსტიციის სამინისტრო დაუსაბუთებლად სანოტარო საქმიანობის შეჩერებაში დაადანაშაულა, კიდევ ერთი დისციპლინური წარმოება მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაცვლილი ია კერზაიას შვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ბაჩანა შენგელია ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წერილს. როგორც შენგელია აცხადებს, იუსტიციის სამინისტრო ამჯერად, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსების გამო ედავება:
“გენერალური ინსპექციის სამსახურეობრივი შემოწმების სამმართველოს თანამშრომლის მიერ გადამოწმდა თქვენი, როგორც ნოტარიუსის ბაჩანა შენგელიას ფეისბუქგვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაცია (შემოწმდა ბოლო ერთთვიანი პერიოდი). შედეგად დადგინდა, რომ თქვენ ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია საჯარო სოციალური გვერდის მეშვეობით, ახორციელებთ მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამომჟღავნებას და აკეთებთ პოლიტიკურ შეფასებებს”, — წერია წერილში, რომელსაც ბაჩანა შენგელია აქვეყნებს.
მისივე თქმით, ეს წერილი მას დღეს, 29 ივნისს ჩაბარდა და დათარიღებულია 24 ივნისით:
“ეს დღეები ვერ ჩაგაბარეთო, მომახსენეს. ძალიან გთხოვთ, ყველამ წაიკითხოთ. ეს არის ახალი სიტყვა ქართულ რეალობაში, გენერალური ინსპექციის თანამშრომელი ამონიტორინგებს ჩემს ფეისბუქ-პოსტებს თურმე ბოლო ერთი თვე და იუსტიციის მინისტრი იწყებს მორიგ დისციპლინურ წარმოებას მონიტორინგის საფუძველზე. ველოდი, მაგრამ მაინც გაოგნებული ვარ”.- წერს ბაჩანა შენგელია.