დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს და უარყოფს როგორც სროლას ისე იარაღის ტარებას. ამის შესახებ ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარს შეხვდა. უფლებადამცველმა ის გორში დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა.
ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ მას საქმის მასალები ჯერ არ გადასცემია, თუმცა როგორც მისთვის ცნობილია, საქმეში პირდაპირი მოწმეები არ არსებობენ. ასევე არსებული მასალები და გარემოებები ერთმანეთს არ ემთხვევა.
ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარს, რომელიც სასულიერო პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზეა დაკავებული, ბრალი წარედგინა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების მიერ შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებითაა ბრალი წარდგენილი.
ყინწვისის მონასტრის წინამძღვარს განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
შეგახსენებთ, გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, დაკავებულმა სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სასულიერო პირი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.