LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განვითარებულ ქვეყნებში საპენსიო ასაკი 70 წლამდე გაიზრდება: რას გეგმავენ საქართველოში?

282

საპენსიო ასაკი განვითარებულ ქვეყნებში 2050 წლისთვის, სულ მცირე, 70 წლამდე გაიზრდება. ამის შესახებ მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე დააანონსეს – ექსპერტები ელოდებიან, რომ 2050 წლამდე სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო ასაკი 100 წელს გადააჭარბებს.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ ისეთ ქვეყნებში,როგორიცაა ამერიკა, იაპონია და კანადა – ადამიანებმა უნდა იმუშავონ უფრო დიდ ხანს, ვიდრე აქამდე. ეს მიდგომა აუცილებელია,ვინაიდან 65 წელს ზევით ასაკის ადამიანების რაოდენობა 2050 წლისთვის სამჯერ გაიზრდება და  2,1 მილიარდი გახდება.

რაც ნიშნავს იმას, რომ დაუსაქმებელი ადამიანების რაოდენობა ამდენჯერვე გაიზრდება.

 

სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება

მაიკლ დრეკსელერმა, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ფინანსური განვითარების, მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის პროგრამებს ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობის მოსალოდნელი ზრდა კლიმატურ ცვლილებებთანაა დაკავშირებული.

“ამ საკითხს ყურადღება ახლავე უნდა მივაქციოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა შევეგუოთ იმას, რომ არასასურველი შედეგები ჩვენ მომავალ თაობაზე ნეგატიურად აისახება” ,- ირწმუნება ექსპერტი.

დღესდღეობით, დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო პენსია ერიცხებათ 65 წლის ასაკის ადამიანებს, 2046 წლისთვის იგეგმება ამ მაჩვენებლის 68 წლამდე გაზრდა. ბრიტანეთის შრომისა და პენსიის სამინისტროს ანგარიშის მიხედვით, შესაძლოა მათ, ვისი ასაკიც ახლა 30 წელს ქვემოთაა, საპენსიო ასაკი 70 წლამდე გადაეწიოს.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშში, სახელწოდებით “ჩვენ ვიცხოვრებთ 100 წლამდე. როგორ?” ავტორები აქებენ დიდი ბრიტანეთის უკანასკნელ რეფორმებს და მოუწოდებენ სხვა ქვეყნის ხელისუფლებას – შექმნან ისეთი სამუშაო პირობები, რომელიც ადამიანს მისცემს საშუალებას გადაინახოს ფინანსები სიბერისთვის.

 

ქართული საპენსიო სისტემა

საქართველოში, იმის მიუხედავად, რომ ჯანდაცვის სისტემის რეფორმის წარმატებულობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ შედეგად ადამიანების სიცოცხის ხანგრძლივობა იზრდება, ამის დამადასტურებელი ოფიციალური მონაცემები ჯერ არ არის.

თუმცა საპენსიო რეფორმაზე უკვე მსჯელობენ.

დღესდღეობით საქართველოში საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის 65, ხოლო ქალებისთვის 60 წლიდან იწყება. საპენსიო ასაკის პირს პენსიის სახით 180 ლარი ერიცხება.

2004 წლამდე სახელმწიფო პენსია ფინანსდებოდა სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ, რომლის საშემოსავლო რესურსი ემყარებოდა დამქირავებლისა და დაქირავებულის საგადახადო შენატანებს.

კოალიცია ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაიზარდა სისტემის ხარჯები. მაგალითად 2015 წლის ასაკით პენსიონერთა ხარჯი შეადგენდაა 1.3 მილიარდ ლარს, რაც წინა ხელისუფლების დროს არსებულ იმავე მაჩვენებელზე გაცილებით მეტია.

2012 წლის აგვისტოდან ასევე განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმა პენსიის რაოდენობის ზრდის სახით. ცვლილება ყველა ასაკის პენსიონერს შეეხო. პენსიონერებს შეუწყდათ ნამსახურები წლების მიხედვით დანამატის მიღება. ნაცვლად ამისა, პენსია გაიზარდა და ფიქსირებული გახდა.

თუმცა, 2012 წლიდან წამოიჭრა ამასთან დაკავშირებული კიდევ ერთი პრობლემური საკითხი. მიხეილ სააკაშვილის მიდგომებმა, სამუშაო ძალის ასაკის შემცირებამ, უამრავი ადამიანი უმუშევარი დატოვა.

ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება – ვაკანსიებში მითითებული მინიმალური ასაკი ძირითადად 18 წლიდან იწყება და მაქსიმუმ 40 წლამდე ადის. თუმცა, 40 წლის ასაკის ადამიანებიც სამსახურში ხშირად ასაკის გამო არ აჰყავთ.

“ყველას ახალგაზრდა და გამოცდილი უნდა სამსახურში. 18 წლის – 4 წლიანი სამუშაო სტაჟით. ახალგაზრდების დასაქმებაში ცუდი არაფერია, მაგრამ რა ქნას ადამიანმა 40 წლიდან 60-65 წლამდე? ვერ იწყებს ახალ სამსახურს და არც პენსია ენიშნება”, – აცხადებს ჩვენთან ერთ–ერთი მოქალაქე.

 

2015 წელს საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნაზე დაიწყო მუშაობა

“საპენსიო რეფორმა, რომელიც დასაქმებულის მიერ საკუთარი პენსიის დაგროვებას გულისხმობს, 2018 წელს ამოქმედდება”, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს.

კერძო საპენსიო სისტემა “განსაზღვრული შენატანების” პრინციპს დაეფუძნება, რომლის მიხედვითაც შენატანების ოდენობა დამსაქმებელს, დასაქმებულსა და მთავრობას შორის განაწილდება. სისტემის სამ მონაწილე მხარეს – მთავრობას, დამსაქმებელსა და დასაქმებულს, ყოველთვიურად შემოსავლის 2-2% დასაქმებულის პერსონალურ საპენსიო ანგარიშზე შეაქვს, რაც საბოლოო ჯამში, 6% გამოდის.

რაც შეეხება საპენსიო ასაკს. საკანონმდებლო ცვლილებები ამ მიმართულებით არ იგეგმება. საქართველოს კანონი სახელმწიფო პენსიის შესახებ განმარტავს :

„პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.“

საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი ასაკით პენსიონერია და ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად მატულობს. ოფიციალური სტატისტიკით ბოლო 10 წელიწადში ასაკით პენსიონერთა რიცხვი 134 000-ით გაიზარდა.

რაც უფრო მეტი პენსიონერია ქვეყანაში, მით მეტი თანხაა სჭირდება ქვეყანას, მათი უზრუნველყოფისთვის.

თუ მოქალაქეები საკუთარ „საპენსიო ასაკს“ განმავლობაში დაგროვილი შენატანებით უზრუნველყოფენ, მაშინ ეს ხარჯი სახელმწიფოს ეხსნება, თუმცა თავს იჩენს ახალი პრობლემა:

ვალუტის მსყიდველთუნარიანობის პერმანენტული დაცემის გამო, შესაძლოა მთელი ცხოვრების განმავლობაში დაგროვებული თანხა, საბოლოო ჯამში მოხუცს არაფერში ეყოს.

„ახლანდელი 50 ლარს შესაძლოა, წლების შემდეგ, როდესაც საპენსიო ასაკი მომიწევს 10 ლარის ფასიც აღარ ჰქონდეს, ამიტომ მე მაგალითად, მირჩევნია ეს 50 ლარი მაშინ დავხარჯო, როცა მისი ფასი უფრო მეტია და არა დავაგროვო“, – განაცხადა ჩვენთან ერთ-ერთმა მოქალაქემ.

თუმცა აქ გასათვალისწინებელია ერთი პუნქტი – საპენსიო რეფორმის განხორციელების შემთხვევაში, შენატანების გარდაფონდის მოგების მიხედვითაც გაიზრდება.

 

ეს პრობლემა კომპლექსურია

WEF -ის სპეციალისტებმა შეისწავლეს 8 ქვეყნის მდგომარეობა – ავსტრალია,კანადა, ჩინეთი, ინდოეთი, იაპონია, ნიდერლანდები, ბრიტანეთი და აშშ. შედეგად – გამოიტანეს დასკვნა,რომ 2050 წლამდე 70 წლის ყველა მოქალაქის  შესაბამისი პენსიებით უზრუნველყოფისთვის ამ ქვეყნებს 6-ჯერ მეტი თანხა დასჭირდებათ.

მაგალითად – აშშ-ში საპენსიო ანაზრაურების ჯამური თანხა საშუალოდ 70 ტრილიონი დოლარიდან 400 ტრილიონამდე გაიზრდება.

ეს მაჩვენებელი დადგინდა იმის მიხედვით,რომ პენსიონერების შემოსავალი იქნება მათი სამუშაო პერიოდში მიღებული ხელფასების 70%.

“ამ პრობლემის გადაჭრის გზა არ არის ცალსახა. დასაქმებული ადამიანი უნდა გახდეს უფრო გარკვეული ფინანსურ საკითხებში და უნდა ეცადოს მეტად გაზარდოს თავისი დანაზოგი საპენსიო ასაკისთვის. კერძო და სახელმწიფო სექტორმა უნდა შეიმუშავოს დახმარების შესაბამისი პროგრამები,” – განმარტავს ჟაკ გულე, WEF- ის კვლევებში მონაწილე კომპანიის პრეზიდენტი.

სპეციალისტები ასევე მივიდნენ იმ დასკვნამდე,რომ სპეციალურმა ინსტიტუტებმა უნდა მოახდინონ მონაცემების სისტემატიზირება და ასევე გაუწიონ კონსულტაცია დასაქმებულ პირებს მათი ფინანსური პერსპექტივის შესახებ.

მაგალითისთვის, WEF-ს მოაქვს მოსახერხებელი სისტემა,რომელიც ფუნქციონირებს დანიაში. ეს სისტემა ონლაინ რეჟიმში უზრუნველყოფს ნათელი სურათის ჩვენებას დასაქმებულთათვის რათა მათ ინდივიდუალურად დაინახონ თუ როგორ იცვლება მათი საპენსიო ანგარიშები.

თამარ ჩიკვატია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები