LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განსხვავებები ვინი პუჰიდან რეალურ მეგობრობამდე: დღეს მეგობრობის საერთაშორისო დღეა

495
Untitled

მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ჩვენ პანდემიის ეპოქაში ვართ და სხვებისა და საკუთარი ჯანმრთელობისთვის გარკვეული დისტანციების დაცვა გვიწევს. დისტანცირება ახლობელი ადამიანებისგან, მეგობრებისგან ჩვენი და მათივე კეთილდღეობისთვის…

როგორც ამბობენ, დისტანცირება სიყვარულს და მეგობრობას ვერაფერს აკლებს, თუმცა ეს საკითხი მაინც კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგან ხშირად პრაქტიკა საპირისპიროს გვიჩვენებს. დისტანცირებისას მეტია გაურკვევლობები ურთიერთობებში, ხშირად საუკეთესო მეგობრებიც კი კარგავენ ერთმანეთს, თუმცა ხშირად დისტანცირება ბევრ რამეს გადააფასებს და ურთიერთობები კიდევ უფრო მყარი ხდება.

 

დღეს მეგობრობის საერთაშორისო დღეა. პირველად ეს დღე 1958 წელს პარაგვაიში აღინიშნა.

1998 წელს გაერომ ამ დღეს ელჩიც მიუჩინა – ვინი პუჰი. 

– სამუდამოდ მეგობრები ვიქნებით არა, პუუჰ? – კიდევ უფრო დიდხანს

 

მეგობრობის შესახებ წარმოდგენა ბავშვობიდან გვიყალიბდება. მულტფილმებიდან, ოჯახისგან, ახლობლებისგან, ბაღისგან, შემდეგ სკოლიდან…

ვინი პუჰი მეგობრობის მართლაც ღირსეული ელჩია. რეალურ ცხოვრებაში კი ღირსეულ მეგობრების შეძენამდე ბევრ სხვა “წოდებას” და განცდას ვაწყდებით.

ვინი პუჰიდან რეალობამდე ხშირად დიდი აცდენებია. პირველი, რაც მეგობრობაზე დღეს შეიძლება გაგვახსენდეს, გიორგი შაქარაშვილის საქმეა.

როგორც წესი, რთულ მომენტში გამოჩნდება ხოლმე რეალური მეგობარი – დრო და სიტუაცია ცდის ამ სტატუსს. შაქარაშვილის საქმე მეგობრების გამოცდისთვის ზედმეტად რთული აღმოჩნდა. ფაქტია, რომ გიორგისთან ერთად მყოფი პირები მისი მეგობრები არ იყვნენ – ამას ამბობს შაქარაშვილის ოჯახიც.

კარგად გვახსოვს გიორგის დის ანი შაქარაშვილის სტატუსიც “მეგობრები”.

 

როდესაც მეგობრების შეძენაზეა საუბარი, პირველ რიგში უნდა გავაანალიზოთ რა არის მეგობრობა?

ის, რომ ადამიანი ფეისბუქზე შენი მეგობრების სიაშია, საკმარისია? ან თუ ყოველ ხუთშაბათს ერთად კაფეში დადიხართ, მეგობრობთ? ნამდვილად არა, მეგობრობას ძალიან მნიშველოვანი ელემენტები სჭირდება იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს სწორ ურთიერთობად.

არათუ ფეისბუქზე, რეალურადაც ერთ კამპანიაში ყოფნა სულაც არ ნიშნავს მეგობრობას.

მეგობრობა ორმხრივია, თქვენც და მასაც ერთნაირი შეხედულება უნდა გქონდეთ ამ საკითხზე და რაც მთავარია ერთმანეთს უნდა ენდობოდეთ.

ზოგი ადამიანი ადვილად იჩენს მეგობრებს, ზოგი მეგობრულად იქცევა, თუმცა აკვირდება და რაღაც დროის შემდეგ იღებს თავის მეგობრად სხვას.

ჩვენ არ ვცხოვრობთ იდეალურ სამყაროში და რთულია ბაზიების ჩამოყალიბება თუმცა, როგორც წესი, მეგობარი:

  • გეუბნება, რომ შენი მეგობარია და სხვასთანაც ასე წარგადგენს;
  • გირეკავს ან გწერს, გხვდება ლანჩზე, ყავაზე და ა.შ.
  • რამეს სასიამოვნოს აკეთებს შენთვის;
  • როცა შენს ცხოვრებაზე ელაპარაკები, ყურადღებით გისმენს;
  • მხარს გიჭერს და შენთვის საუკეთესო სურს

მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, რომ მეგობრები შენს ცხოვრებაში პოზიტიური ინფლუენსერის როლს უნდა ასრულებდეს.

  • მათთან შეხვედრას მოუთმენლად ელი;
  • მათთან ყოფნა კომფორტულია;
  • ყოველთვის შეგიძლია გაუზიარო გრძნობები: სიხარულიც და დარდიც;
  • როდესაც დახმარება გჭირდებათ, ყოველთვის მზადაა ამისთვის.

 

“ნამდვილი მეგობარი ისაა, ვინც კარში მაშინ შემოდის, როცა დანარჩენი სამყარო გადის” – უოლტერ უინჩელი

ბევრისთვის ეს განმარტებები ზედმეტია – ვინ უნდა ასწავლოს ქართველს რეალურად სიყვარული, მეგობრობა და ძმობა? ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენნაირად მეგობრობა არც ერთ სხვა ერის წარმომადგენელს არ შეუძლია…

რეალური ქართული ისტორიები კი მეგობრების ბევრ არამეგობრულ ამბავს ინახავს: ღალატს, გაწირვას, შურს და ა.შ.

თუმცა, ისტორია ასევე გვინახავს “ვეფხისტყაოსანს”, სადაც მეგობრობის უნიკალური მაგალითებია აღწერილი: ასმათის, ტარიელისა და თინათინის, ავთანდილისა და შერმადინის, ფრიდონის…

ნაწარმოებები კი რეალობისგან როგორც ყოველთვის განსხვავდება, ქართული მეგობრობა, რომელზეც როგორც წესი ბევრს ლაპარაკობენ, ისევე როგორც ქართულ სიყვარულზე, ხშირად სუფრით შემოიფარგლება და მასზე რჩება. რეალური ურთიერთობები კი არ ყვირის.

 

ჩვენი საუკუნის გამოწვევები

პანდემიამდეც, XXI საუკუნეში სოციალური დისტანცირება და რეალური ურთიერთობების სიმცირე, ისედაც შეინიშნებოდა. ინტერნეტმა ყველაფერი გააციფრულა, მეგობრებიც…

არა მხოლოდ ინტერნეტმა. ჩვენი ცხოვრება სხვა რიტმში მიდის. ყველაფერი დაჩქარდა და ერთმანეთისთვის ნაკლები დრო გვაქვს. თუმცა, ნამდვილი მეგობრები ამ რეალობაშიც არსებობენ და ამ ნამდვილ მეგობრებს ესმით თქვენი მოუცლელობის, ყველაფრის მიუხედავად, ემოციურად კვლავ ზუსტად ემთხვევით ერთმანეთს და ნემისმიერ დროს მზად ხართ ერთმანეთის პრობლემების თუ სიხარულის გასაზიარებლად.

გადახედეთ და გადააფასეთ: თუ თქვენ მიიჩნევთ, რომ ასეთი მეგობრები გყავთ დღეს შესანიშნავი დღეა, რომ ისინი მოიკითხოთ. თუ საყვარელ აქტივობას პანდემიის ან მოუცლელობის გამო ვერ დაგეგმავთ, სატელეფონო ზარით ან მესიჯით შეგიძლიათ აღნიშნოთ ეს დღე. აღნიშნეთ და მიიღეთ მილოცვა, რადგან ნამდვილი მეგობრის ყოლა, მოსალოცი ამბავია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები