LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის მიერ სკოლის დირექტორებისა და სასკოლო ინფრასტრუქტურის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება

153
Capture

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო „ლელოს“ საპარლამენტო ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერის ანა ნაცვლიშვილის მიერ სკოლის დირექტორებისა და სასკოლო ინფრასტრუქტურის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

„მოგეხსენებათ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, სკოლის დირექტორის თანამდებობაზე ჯანსაღი კონკურენციის პირობებში მაღალკვალიფიციური და ღირსეული კადრების მოზიდვის მიზნით, 2022 წელს დაიწყო საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი, რომელიც ორ საფეხურს – ტესტირებასა და გასაუბრებას მოიცავს.

ამ ეტაპზე სერტიფიცირების მსურველთა რეგისტრაცია უკვე დასრულებულია და განსაზღვრულია ტესტირების ჩატარების თარიღიც. კერძოდ, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირება ელექტრონული ფორმით 2023 წლის 22 იანვარს, 12:00 საათზე ერთ სესიად ჩატარდება.

ტესტირება, სხვადასხვა უწყებასთან და ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის“ ორგანიზებით ჩატარდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება 49 საგამოცდო ცენტრი, სადაც დარეგისტრირებული 3 200-ზე მეტი დირექტორობის მსურველისთვის ჯანსაღი, კომფორტული და აკადემიური გარემოა უზრუნველყოფილი.

ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში დირექტორობის მსურველები გადავლენ სერტიფიცირების მომდევნო ეტაპზე, რომელიც გასაუბრებას გულისხმობს.

სერტიფიცირების პროცესში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ყველა მსურველს უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოუცხადა – საჯარო სკოლის დირექტორობის თითოეული მსურველისთვის ხელმისაწვდომი იყო უფასო ვებინარები, საინფორმაციო შეხვედრები და შესაბამისი კონსულტაციები.

2020-2022 წლებში მიმდინარეობდა აქტიური მზადება სერტიფიცირების პროცესის დაწყებისთვის. აღნიშნულ პერიოდში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, დირექტორობისა და სკოლების მართვის ახალი კონცეფცია შეიმუშავა.

ახალი კონცეფციის საფუძველზე 2022 წელს სკოლის დირექტორის განახლებული სტანდარტი მომზადდა, რომელიც სრულიად განსხვავდება აქამდე არსებული მიდგომებისგან – ის ორიენტირებულია სკოლის დირექტორის, როგორც საგანმანათლებლო ლიდერის ფუნქციების გაძლიერებაზე. დოკუმენტში, დირექტორის ფუნქცია-მოვალეობასთან ერთად, განსაზღვრულია ყველა ის მოთხოვნა, რომელსაც თანამედროვე ტიპის სკოლის ლიდერი უნდა აკმაყოფილებდეს.

რაც შეეხება სკოლების რეაბილიტაციისა და მშენებლობის საკითხს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ამ მიმართულებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა.

აქვე გაცნობებთ, რომ სარეაბილიტაციო/სარემონტო სამუშაოების გამო არც ერთ სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობა არ შეფერხებულა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლების პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს. სკოლები, სადაც მცირე მასშტაბის სარემონტო სამუშაოები ტარდება, მოსწავლეებს სთავაზობენ სწავლებას განსხვავებული ფორმატით – ჰიბრიდულ, ან დისტანციურ რეჟიმში. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მასშტაბურ სარეაბილიტაციო/სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს, მოსწავლეები გადაყვანილნი არიან ალტერნატიულ ფართში/ახლომდებარე სკოლებში, სადაც მათთვის უზრუნველყოფილია უსაფრთხო და ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემო. ამასთან, რეგიონის სკოლების მხარდაჭერის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მოსწავლეების ტრანსპორტირების პროგრამას.

სამინისტროს თითოეული გადაწყვეტილება, რომელიც სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციის პროცესში მოსწავლეებისთვის ხარისხიანი, უწყვეტი განათლების მიღების უზრუნველყოფას შეეხება, განსაკუთრებული სიფრთხილით და მოზარდებისა და მშობლების ინტერესების გათვალისწინებით არის მიღებული.

2022 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით უპრეცედენტო მასშტაბის, 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი ხორციელდება, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციას ითვალისწინებს. 800 სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციის პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო რამდენიმე ეტაპად ახორციელებს. პირველ ეტაპზე, 2022 წელს, სააგენტომ გამოაცხადა ტენდერები 2022-2025 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, 320 საჯარო სკოლის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და ამ დოკუმენტაციის საფუძველზე რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის, საჭიროების შემთხვევაში, გამაგრების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე. დარჩენილი 400 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი კი 2024 წელს გამოცხადდება და 2026 წლის ბოლოსთვის, ჯამში 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება.

პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. მისი განხორციელებით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.

რეაბილიტაციისა და ახალი სკოლების მშენებლობის დროს გათვალისწინებულია მათი აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად“, – ნათქვამია უწყების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, „ლელოს“ საპარლამენტო ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში 21 000-ზე მეტი მოსწავლე იძულებულია სხვა სკოლის შენობაში ისწავლოს.

მისივე განცხადებით, 2000-ზე მეტი სკოლა კი, დირექტორის გარეშეა, განათლების სისტემა ჯეროვნად ვერ იმართება, რითაც ზიანდებიან მოსწავლეები, მათი ოჯახები და მასწავლებლები. როგორც ნაცვლიშვილი ამბობს, „დასტურდება, რომ კვლავ შენარჩუნებულია სკოლების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მექანიზმები”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები