სკოლებში რეაბილიტაციისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების აშენების შესახებ საკომუნიკაციო/სარეკლამო კამპანიაში განათლების სამინისტრო თითქმის 2 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.
„რადიო თავისუფლების“ ცნობით, სამინისტრო მომსახურების შეძენას ტენდერის გარეშე აპირებს. თანხით დაგეგმილია: სარეკლამო კამპანიის კონცეფციის შექმნა; გრაფიკული საინფორმაციო რგოლების დამზადება; საიმიჯო ვიდეორგოლების დამზადება; გარე რეკლამის განთავსება; ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება; საკომუნიკაციო პლატფორმის (შექმნა) და მედიადაგეგმარება.
1 963 874 ლარის მომსახურების გასაწევად ტენდერის გარეშე ორი კომპანია შეირჩა: WINDFORS GEORGIA და სტუდია მეტრო.
“პრინციპულად მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირების მიზნით აქტიური საკომუნიკაციო კამპანიის ორივე მიმართულებით წარმართვა 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებამდე. აღნიშნული კამპანია შემჭიდროებულ ვადებში უნდა განხორციელდეს, ვინაიდან ცვლილებების მიმართ საზოგადოების განწყობა და მისი ინფორმირებულობა პოზიტიურ გავლენას იქონიებს საქართველოს მთავრობისა და განათლების სამინისტროს მიერ დაგეგმილ პროექტებისა და სახელმწიფო პროგრამების შედეგებზე”, – ასე ხსნის სამინისტრო ტენდერის გარეშე მომსახურების შეძენის მიზეზს.
შესყიდვების სააგენტოსთვის მიწერილ წერილში სამინისტრო აღნიშნავს, რომ თბილისსა და რეგიონებში მიმდინარეობს 720 სკოლის რეაბილიტაცია და 80 სკოლის მშენებლობა – პროექტით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს.