განათლების სამინისტრომ გაითვალისწინა იმ მოთხოვნების ჩამონათვალი, რომლებიც გამომცემლობების ნაწილთან მუშაობის შედეგად ჩამოყალიბდა, ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ მურღულიამ განაცხადა.
მისი თქმით, შემუშავდა გრიფირების ახალი ფორმატი, რომელიც აპელაციის ახალ ინსტრუმენტს გულისხმობს და გამომცემლებს სამინისტროს შეფასებების გასაჩივრება გრიფირების მინიჭების ბრძანებამდე შეეძლებათ.
მურღულიას თქმით, საავტორო უფლებების დაცვის უპრეცენტენტო მოდელი შემუშავდა და თუ აქამდე სტამბებს ჰქონდათ საშუალება, ყალბი წიგნები დაებეჭდათ, ამიერიდან ჰოლოგრამა დაეკრობა თითოეულ წიგნს და გაყალბება შეუძლებელი გახდება.
გაუქმდა შინაარსობრივი გრიფირების საფასური, რომელიც ათას ლარს აღემატებოდა და გამომცემლებს სახელმძღვანელოს გრიფირებაზე წარდგენის შემთხვევაში ერთჯერადად 100 ლარის გადახდა მოუწევთ.
შემუშავდა ტენდერის გამარტივებული მოდელი.
გაუქმდა წინაგრიფირების ფარგლებში არსებული ჯარიმები, რომელიც 50 ათას ლარს შეადგენდა და ახლა მიყენებული ზარალის ოდენობის იქნება. თუ განათლების სამინისტრო დაიწყებს წიგნის ბეჭდვას და ავტორი განაცხადებს უარს, დაითვლება ზარალი და ანაზღაურდება.
უცხოენოვან სახელმძღვანელოებზე გამომცემლების ნაწილის მონოპოლია აღმოიფხვრება და ქართველ გამომცემლებსაც შეეძლებათ უცხოენოვანი სახელმძღვანელოების მომზადება, თუ გაივლიან გრიფირებას. მაღალი ხარისხის წიგნების მოსამზადებლად მათ ტრენინგებსაც სთავაზობენ.
განათლების მინისტრის მოადგილის განმარტებით, გამომცემლებთან შეთანხმება ორ მნიშვნელოვან საკითხზე ვერ შედგა, ესაა ტენდერების განხორციელება და განცალკევებული ბეჭდვა.
„გამომცემლებს ჰქონდათ პრეტენზია, რომ ინტელექტუალურ საკუთრებაზე ტენდერის ჩატარება დაუშვებელი იყო. წიგნისა და ფანქრის ტენდერები სხვადასხვაგვარად ტარდება, თუმცა ეს პოზიცია მიუღებელია მათთვის.
მეორე კატეგორიული მოთხოვნა, რაზეც სამინისტრო გამომცემლობას არ ეთანხმება, არის ის, რომ მათ სურთ დაბეჭდონ წიგნები და შეიტანონ სკოლებში, როცა კერძო სკოლაზეა საუბარი ამას ჩვენ არ ვზღუდავთ, თუმცა როცა საქმე საჯარო სკოლას ეხება, პრინციპული პოზიცია გვაქვს. არსებობს გამომცემლები, რომლებსაც არ აქვთ სტამბა და პირიქით, – სტამბები, რომლებსაც არ აქვთ გამომცემლობები. გამომცემლებს ამ პოზიციით აქვთ სურვილი, კონკურენცია შეუზღუდონ და ბაზარზე ახალი მოთამაშეები არ დაუშვან, რასაც არ ვეთანხმებით. ის, ვინც წიგნს ამზადებს, არ არის აუცილებელი საუკეთესო მბეჭდავი იყოს, ჩვენ გვჭირდება ახალი ავტორები, ახალი წიგნები და ახალი სისხლი,“ – განაცხადა მურღულიამ.
სამინისტროში, ასევე, ამბობენ, რომ წინაგრიფირებასთან მიმართებით გამომცემლობების (ბეჭდვის გარეშე) საპროგნოზო ღირებულება 2-ჯერ არის გაზრდილი და დაახლოებით 7.5 მლნ ლარს შეადგენს, თუმცა, ასევე, ვარაუდობენ, რომ კონკურენცია ამ თანხას შეამცირებს და დაზოგილი თანხა თანამედროვე სწავლის პრინციპების უზრუნველყოფას მოხმარდება.
თეიმურაზ მურღულიას განცხადებით, სატენდერო პირობები 31 მარტამდე გამოცხადდება. ამასთან, მინისტრის მოადგილის თქმით, ტენდერისას გრიფირებულს, ანუ ხარისხიან წიგნებს შორის ყველაზე ოპტიმალურს აირჩევენ და დაბალი ფასის მიხედვით არ მიიღებენ გადაწყვეტილებას.
სამინისტროს ამ განცხადების არ სჯერა გამომცემლობების ნაწილს. „არტანუჯის“ წარმომადგენლის, ბუბა კუდავას განცხადებით, მთავარი საკითხი , რაც მათთვის მიუღებელია, არის ტენდერის ჩატარება სახელმძღვანელოებზე, რაც გულისხმობს აჯარო სკოლებში იაფი და არახარისხიანი სახელმძღვანელოების შეტანას.
მისივე თქმით, ტენდერში გამომცემლობების მონაწილეობის შემთხვეაში, გაიმარჯვებს იაფი და არა ხარისხიანი სახელმძღვანელო, რომელიც მკვეთრად გააუარესებს წიგნების და შესაბამისად, განათლების ხარისხს.
ამასთან, კუდავა ამბობს, რომ განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა, ძალადობრივი გზით წაართვას ინტელექტუალური საკუთრება გამომცემლებს, ცალკე იყიდოს შინაარსი დაბალ ფასად და შემდეგ ამის ბეჭდვაზე გამოაცხადოს ტენდერი.