2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მიმართვას ავრცელებს.
„მოხარული ვარ, რომ საქართველო კიდევ ერთხელ უერთდება აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მხარდამჭერ ინიციატივას, რომელიც აუტისტური სპექტრის მქონე პირების უფლებების დაცვასა და საზოგადოებაში მათ მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების გაზრდას ემსახურება.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ახალგაზრდების, მათ შორის, აუტისტური სპექტრის მქონე პირების უფლებათა რეალიზების ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობას მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია თითოეული ბავშვის საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა და სასწავლო პროცესში მოზარდების სრულყოფილი ჩართულობა.
განათლების ყველა საფეხურზე ინკლუზიური განათლების განვითარების ხელშეწყობისა და ახალგაზრდებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შეთავაზების კუთხით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. ამ უაღრესად მნიშვნელოვან საქმეში მსურს, განსაკუთრებით გამოვყო სპეციალური მასწავლებლების როლი, რომელთა პროფესიონალიზმი, შრომა და თავდადება ფასდაუდებელია.
ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ინკლუზიური განათლების მხარდასაჭერად კიდევ არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივას განვახორციელებთ და ეტაპობრივად ყველა არსებულ გამოწვევას დავძლევთ“, – აცხადებს მიხეილ ჩხენკელი.