ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას აფასებს და აცხადებს, რომ ყოველდღიური შემთხვევებისა და დადებითობის მაჩვენებლის კლება იმედისმომცემია.
თამარ გაბუნიას შეფასებით, ეს მაჩვენებლები მიუთითებს, რომ ქვეყანა ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით დაღმავალ ფაზაში გადადის.
გაბუნია ქვეყანაში იმუნიზაციის ტემპის შემცირებაზეც ამახვილებს ყურადღებას და განახლებულ ვაქცინაციის გეგმაზე საუბრობს:
“ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ინფექციის შემთხვევების კლების ტენდენცია იკვეთება, მიუხედავად იმისა, რომ ორშაბათი ხასიათდება, ზოგადად, შემთხვევების დაბალი რაოდენობით, გასული კვირის ანალიზი აჩვენებს, რომ შემთხვევების რაოდენობა და დადებითობის მაჩვენებელი იკლებს, რაც იმედისმომცემია და მიუთითებს, რომ არის სტაბილიზაციის ნიშნები და დაღმავალ ფაზაში გადავდივართ.
ხვალინდელი და მომდევნო დღეები საინტერესო იქნება იმ თვალსაზრისით, რომ ვნახოთ, რა ტემპით შეიძლება გვქონდეს სიტუაციის სტაბილიზაციის მოლოდინი. ჯერჯერობით ჰოსპიტალური სექტორი მობილიზებული რჩება, კარგია, რომ პაციენტების რაოდენობა არ იმატებს და პირიქით, არის კლება.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, თუმცა, ბოლო დღეებში ვაქცინაციის ტემპი კიდევ უფრო შემცირდა, ამას, გარკვეულწილად, ვხსნით ინფიცირების მაღალი მაჩვენებლით, თუმცა, მაინც ეს არ არის ის მაჩვენებელი, რაც საშუალებას მოგვცემს, მივიღოთ მდგომარეობის მდგრადი სტაბილიზაცია.
განახლებული ვაქცინაციის გეგმა ითვალისწინებს იმას, რომ კიდევ მეტად გაიშალოს ვაქცინაცია და “ბუსტერ” დოზებით მოხერხდეს სიტუაციის სტაბილიზაცია, მას შემდეგ რაც “ომიკრონის” ტალღა გადაივლის და ჩვენ გვექნება სხვა შემთხვევებში, სხვა ტალღების და შტამების ვარიაციებისგან მოსახლეობის დაცვის შესაძლებლობა”, – განაცხადა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა ასეთია: გასულ 24 საათში, გამოვლინდა ინფიცირების 4 775 შემთხვევა, გარდაიცვალა 32 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 19 242 პაციენტი. დღიურად აცრილია 342 პირი.