LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განახლებული „შერატონის” გახსნის ახალი თარიღი დასახელდა

197

განახლებული „შერატონ მეტეხი პალასი, რომელის გახსნაც თავდაპირველად 2016 წლის ბოლომდე, შემდეგ კი 2017 წლის გაზაფხულზე იგეგმებოდა, მიმდინარე წლის გვიან შემოდგომაზე გაიხსნება.

როგორც ”ფორტუნას” სასტუმროს მფლობელ კომპანია ”რაკიაში” განუცხადეს, ამ ეტაპზე შენობის ფასადების კეთილმოწყობის სამუშაოების 90% დასრულებულია და მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები.

”შენობის შიგნით თითქმის დასრულებულია ვენტილაციისა და ელექტროგაყვანილობების მონტაჟი. ამასთან, სატეტო რეჟიმში მიმდინარეობს ოთახების დიდი ნაწილის მოწყობა. ასე რომ, ვგეგმავთ, განახლებული „შერატონის” გვიან შემოდგომაზე გახსნას. თუ რამემ ხელი არ შეგვიშალა, სასტუმრო 2017 წლის ბოლომდე შეძლებს პირველი სტუმრების მიღებას”,- განმარტეს კომპანიაში.

„ფორტუნას” კითხვაზე, თუ რა ეღირება სტანდარტული ტიპის ნომერი, ”რაკიაში” აცხადებენ, რომ ჯერ ტარიფები დადგენილი არ არის. ”თუმცა, ნომრების ღირებულება სასტუმრო ბაზარზე არსებული ჩვენი კონკურენტების (მაგალითად ”მერიოტის”, ”რედისონის”) იდენტური იქნება და მათზე ძვირი არ ეღირება”, – აღნიშნეს სასტუმროს მფლობელ კომპანიაში.

შეგახსენებთ, სასტუმრო, რეკონსტრუქციის მიზნით, 2014 წლის 1 დეკემბერს დაიხურა. ჯამში მისი სრულად განახლებისთვის 45 მილიონი დოლარია გათვალისწინებული.

რეკონსტრუქციის შემდეგ, სასტუმროში სრულიად განახლებული ინტერიერი და ექსტერიერი, ახალი რესტორნები და ტერასა ბარი, განახლებული და გადიდებული აუზი და სავარჯიშო დარბაზი იქნება. აქვე განთავსდება ყველაზე დიდი წვეულებათა დარბაზი. ამასთან, რენოვაციის შემდეგ, სასტუმროში 220 ფეშენებელური საკლუბო და ლუქსისტიპის ნომერი მოეწყობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები