განახლებული ”შერატონ მეტეხი პალასის” გახსნა რამდენიმე თვით გადაიდო. სასტუმრო 2016 წლის ბოლომდე უნდა გახსნილიყო, თუმცა სარეკონსტრუქციო სამუშაობი გახანგრძლივდა.
როგორც ”ფორტუნას” სასტუმროს მფლობელ კომპანია ”რაკიაში” განუცხადეს, რეაბილიტირებული ”შერატონი” 2017 წლის გაზაფხულზე გაიხსნება.
”ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფასადური სამუშაოების ბოლო ფაზა და მალე ეს ვიზუალურადაც უკვე დაეტყობა სასტუმროს. ამასთან, შენობის შიგნით მიმდინარეობს ვენტილაციი და ელექტროგაყვანილობების მონტაჟი. ერთ თვეში კი უკვე ოთახების კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყება”, -განაცხადეს კომპანიაში.
მათივე ცნობით, რეკონსტრუქციის შემდეგ, სასტუმროში სრულიად განახლებული ინტერიერი და ექსტერიერი, ახალი რესტორნები და ტერასა ბარი, განახლებული და გადიდებული აუზი და სავარჯიშო დარბაზი იქნება. აქვე განთავსდება საქართველოში ყველაზე დიდი წვეულებათა დარბაზი. ამასთან, რენოვაციის შემდეგ, სასტუმროში 220 ფეშენებელური საკლუბო და ლუქსის ტიპის ნომერი მოეწყობა.
შეგახსენებთ, სასტუმრო ”შერატონ მეტეხი პალასი”, რეკონსტრუქციის მიზნით, 2014 წლის 1 დეკემბერს დაიხურა. მისი სრულად განახლებისთვის, ჯამში, 43 მილიონი დოლარი დაიხარჯება.