LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განახლებული მზიურის პარკი გაიხსნა [ფოტო, ვიდეო]

3377
unnamed

2015 წლის 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიიდან ხუთი წლის თავზე „მზიურის“ განახლებული პარკი საზეიმოდ გაიხსნა.

პარკი პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ და თბილისის მერმა, კახა კალაძემ გახსნეს.

პარკის მიმდებარედ, მდინარე ვერეს ნაპირსამაგრი საყრდენი კედელი მოეწყო. აღდგა ხიდები, კიბეები და გამოიცვალა ყველა სახის კომუნიკაცია.

ამასთან ადგილზე მოეწყო ველობილიკები, სასმელი წყლის შადრევნები, დასასვენებელი ადგილები.

გაკეთდა ხელოვნური ტბაც, სკეიტბორდისა და საბავშვო გასართობი მოედნები. განახლებული ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების პირებისთვის.

განახლებული პარკის გახსნაზე მისულ საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, თბილისის მერმა კახა კალაძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა მიმართეს.

მზიური არის საბოლოო ნაბიჯი, შედეგი. ამას მოჰყვა აქ ხეობის გაწმენდა, სრულად არის დაზღვეული შემდგომ ასეთი სტიქიის განმეორების შესაძლებლობა, აღდგა ბევრი გზა და კიდევ ბევრი სამუშაო იყო ჩატარებული, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მზიურის პარკის გახსნის დროს, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ამ გაწეული შრომისთვის მე, პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს. უდიდესი სამუშაოა ჩატარებული. ამასთან ერთად, მინდა ბატონ ელჩს გადავუხადო მადლობა, იმ წვლილისთვის, რომელიც ევროკავშირმა შეიტანა ამ სარეაბილიტაციო საქმეებში და რა თქმა უნდა, ბატონ მერს, რომელმაც ეს ყველაფერი, როგორც მას სჩვევია, გემოვნებით და რაც მთავარია, ყველასთვის, თბილისელებისათვის, მათზე ზრუნვის უდიდესი გამოვლინებით დაასრულა.

კიდევ ერთხელ, მინდა პატივი მივაგოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ჩვენ დავკარგეთ, გავიხსენოთ ის გმირი მაშველი, რომელმაც ჩვენი 8 მოქალაქის სიცოცხლე გადაარჩინა და თავი შეწირა მათ გადარჩენას. კიდევ ერთხელ, მადლობა მინდა ვუთხრა იმ ახალგაზრდა თაობას, რომლებმაც ყველანაირი თხოვნის გარეშე, დადგნენ იქ, სადაც უნდა მდგარიყვნენ და გააკეთეს ის საქმე, რომელიც მათ სამშობლოს, მათ ქალაქს და მათ მოქალაქეებს სჭირდებოდათ. ერთმანეთზე ზრუნვა არის ერთადერთი გამოსავალი, ჩვენი წარმატებული მომავლისთვის“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

“ნებისმიერი კრიზისი უნდა გამოვიყენოთ როგორც შესაძლებლობა და „მზიური“ არის ამის მკაფიო მაგალითი, რომ ნგრევა რაც იყო ამ ტერიტორიზე აღმშენებლობით შეიცვალა და მიეცა საშუალება ამ პარკს, ახალი სიცოცხლე შეეძინა,” – ამის შესახებ, განახლებული პარკის გახსნის ცერემონიაზე ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

“რეალურად „მზიურის“ პარკი ძალიან ბევრი წლის განმავლობაში იყო მივიწყებული. გასხვისდა, სხვა გეგმები იყო ამ ტერიტორიასთან დაკავშირებით, რომელიც არ შეესაბამებოდა ბევრი ადამიანის სურვილს. 13 ივნისის ტრაგედიამ გვაჩვენა, ის ენერგია, რომელიც ახალგაზრდობისგან მოდიოდა. „მზიურის“ პარკი 1982 წელს გაიხსნა და ის მწერალ ნოდარ დუმბაძის სახელს უკავშირდება. ახალგაზრდობა აქტიურად იყო ჩართული ამ პროექტში“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

განახლებული მზიურის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა დედაქალაქის მერიც. კახა კალაძე თბილისელებს დაპირდა, რომ თბილისი იქნება ყველაზე მწვანე და მოწესრიგებული ქალაქი ევროპაში.

“გაძლევთ პირობას, რომ ჩვენი დედაქალაქი იქნება ევროპაში ყველაზე მწვანე, ყველაზე ლამაზი, ყველაზე უსაფრთხო, ყველაზე მოწესრიგებული ინფრასტრუქტურული თვალსაზრისითა და გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტით,”-განაცხადა თბილისის მერმა.

ცნობისთვის, პროექტი სრულად დაფინანსებულია „ევროპის საინვესტიციო ბანკის“ (European Investment Bank) მიერ.

ვამაყობ, რომ ევროკავშირი, ევროკავშირის საინვესტიციო ბანკი იყო თანამონაწილე საქმის, მომხდარიყო ცნობილი „მზიურის“ ტრანსფორმაცია და გარდაქმნა ახალ „მზიურად“, – ამის შესახებ „მზიურის“ განახლებული პარკის გახსნაზე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

https://www.facebook.com/CityHallofTbilisi/videos/297898304586139/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები