საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ხვალიდან მიმოქცევაში 100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები გამოვა. ახალი ბანკნოტები მიმოქცევაში ძველი ემისიების ბანკნოტებთან ერთად იქნება.
ეროვნული ბანკის ცნობით, 100 ლარის ნომინალის განახლებულ ბანკნოტზე შენარჩუნებულია კარგად ნაცნობი, ლარის ბანკნოტების თავდაპირველი თემატიკა, ამავდროულად ბანკნოტზე წარმოდგენილი ისტორიები გამრავალფეროვნებულია ცალკეული ახალი ელემენტებით. განახლებული დიზაინი კიდევ უფრო მეტი სიზუსტით და თანამედროვე იერსახით წარმოაჩენს საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობას.
100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები დაცულია მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი და ამავე დროს, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური პროცესის შედეგად მიღებული დამცავი ნიშნებით. მათ შორის დატანილია ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის.
ლარის განახლებული ბანკნოტები დამზადებულია ისეთი მასალებისა და დამცავი მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც ზრდის მიმოქცევაში მათ მდგრადობას დაბინძურებისა და ბუნებრივი ცვეთისადმი.
100 ლარის ნომინალის ბანკნოტები 20 და 50 ლარის ნომინალის ბანკნოტებთან ერთად განახლდა.
20 და 50 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაში 2016 წლის 1 თებერვლიდანაა.