LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განადგურებული ვარ მოსმენილით, შემთხვევათა ნაწილი სისხლის სამართლის დანაშაულია – ბაია პატარაია

121

უფლებადამცველი, ბაია პატარაია, იმ ქალებს შეხვდა, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის ყოფილი კანდიდატის, ზვიად დევდარიანის,  მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტებზე საუბრობენ. ბაია პატარაია ამბობს, რომ მათი მონათხრობიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სექსუალური შევიწროების და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება.

ბაია პატარაია აღნიშნავს, რომ ქალებმა საკუთარი ამბები ქალთა მოძრაობის ჯგუფს მხოლოდ ორი დღის წინ გაუზიარეს. მისივე ინფორმაციით, ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ საჩივრები “საფარის”, საიას და PHR-ის დახმარებით მზადდება.

“გუშინ შევხვდი იმ ქალებს, რომლებიც ზვიად დევდარიანს ძალადობაში ადანაშაულობენ. სრულიად განადგურებული ვარ იმით, რაც მოვისმინე: ზოგიერთ შემთხვევა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სექსუალური შევიწროებაა, ხოლო ზოგიერთ შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაული. ძალადობის ბევრი მსხვერპლი მინახავს და ჩემთვის ძალიან ნაცნობია მათი ტანჯვა, სირცხვილი, ცრემლები…

მე მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ქალს, რომელიც ძალადობის მსხვერპლია და რომელსაც გულში იმედი ჩაუქრა, როცა იფიქრა, რომ მე მათ ჩემ მეგობრებზე წინ არ დავაყენებდი. მე ყოველთვის დავგმობ ძალადობას, ვინც არ უნდა ჩაიდინოს ის, და ყოველთვის ვიქნები ჩაგრულის გვერდით. და თუ ვინმეს ამაში ეჭვი შეეპარა, ესე იგი მე სათანადოდ ვერ გამოვხატე ჩემი სათქმელი.

მინდა ყველამ გაიგოს, რომ უმეტესობა ჩვენგანი ზვიადის ვიცნობდით, როგორც ქალებში მოტანტალე კაცს, რომელიც ყველა მეორე გოგოს ეტორღიალება; მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით, რომ ის ბოროტად იყენებდა საკუთარ სამსახურეობრივ ძალაუფლებას და რიგ შემთხვევაში ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა ქალებზე. მე პატივს ვცემ ყველა ადამიანის სექსუალურ თავისუფლებას, მაგრამ ქალების შევიწროებას და ძალადობას ვერ შევეგუები.

გაჩნდა კითხვებიც: რაღა ახლა წამოიწყო ქალთა მოძრაობამ ეს კამპანია? სად იყავით აქამდე? ზოგს ისიც კი ჰგონია, რომ ეს კამპანია საზმაუს ბორდის კონკურსს უკავშირდება. მინდა იცოდეთ, რომ ქალებმა საკუთარი რეალური ამბები ქალთა მოძრაობის ჯგუფში მხოლოდ ორი დღის წინ მოყვნენ. ზვიადის შესაძლო კარიერულმა წინსვლამ აალაპარაკა მსხვერპლი ქალები – გვეყო მოძალადე კაცები მაღალ და საპასუხისმგებლო თანამდებობებზე.

მე კონკურსს პირველი გამოვეთიშე სწორედ იმის დასამტკიცებლად, რომ საზმაუს კონკურსი კავშირში არ არის ზვიად დევდარიანის მხილებასთან ქალთა მოძრაობის მიერ. ვერავინ იტყვის, რომ ქალთა მოძრაობამ კონკურენტი ჩამოიშორა, რადგან მე კონკურსში აღარ ვმონაწილეობ და არავის კონკურენტი არა ვარ.

სამწუხაროდ, დღეს ძალიან ბევრი მოძალადე კაცია თანამდებობის პირი, იმედია ყველას გამოააშკარავებენ ქალები. მანამდე კი ქალთა მოძრაობის ბრძოლა სამართლებრივ ჭრილში გადაინაცვლებს. ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ მზადდება საჩივრები “საფარის”, საიას და PHR-ის დახმარებით.

ქალებო, ამოიღეთ ხმა, თქვენ არა ხართ მარტო!”- წერს ბაია პატარაია.

https://www.facebook.com/baiabaia/posts/10160077363020133