LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე: “ომიკრონს” აქვს 2 ქვეშტამი, ჩვენთან ორივე იდენტიფიცირებულია – ცირკულაცია მომავალი ორი კვირის განმავლობაში გაიზრდება

1596
1

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქვეყანაში გამოვლენილი დადებითი შემთხვევების 90 % “ომიკრონის” შტამია.

როგორც ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, “ომიკრონის” ცირკულაცია მომატებულია და მომავალი ორი კვირის განმავლობაში, შემთხვევების რაოდენობა კიდევ გაიზრდება.

გამყრელიძე “ომიკრონის” მსუბუქ მიმდინარეობაზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ შემთხვევების 90%-ში და მეტში, ვირუსი 3-4-5 დღის განმავლობაში, თითქმის, სიმპტომების გარეშე ან მცირეოდენი სიმპტომებით ჩაივლის:

“ომიკრონის” ცირკულაცია ქვეყანაში მომატებულია. ჩვენი გათვლებით, დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით 90%, რაც ცირკულირებს არის “ომიკრონი”.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ “ომიკრონის” ორი ქვეშტამიდან: BA1 და BA2 ჩვენთან ორივე იდენტიფიცირებულია. მეორე შტამს, როგორც საერთაშორისო ლიტერატურიდან ცნობილია, ახასიათებს კიდევ უფრო სწრაფი გადადების უნარი და დიდი ალბათობით, რადგან ქვეყანაში სწრაფი ტალღაა, შესაძლებელია მასთან იყოს დაკავშირებული. თუმცა, BA1- თან შედარებით ნაკლები აგრესიულობა ახასიათებს.

დღეს ჩვენი მხრიდან გზავნილი არის ის, რომ “ომიკრონის” ცირკულაცია მომავალი ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში გაიზრდება, ანუ შემთხვევათა რაოდენობა კიდევ მეტი გვექნება. დღეს რომ 15 ათასზე მეტია დაფიქსირებული, რეალურად, 3-4 ჯერ მეტი უნდა ვიანგარიშოთ. ეს არის ის კლინიკური ფორმები, რომლებიც, თითქმის, უსიმპტომოდ აქვთ ადამიანებს ან მცირე სიმპტომებით მიმდინარეობს. ისინი უნდა იყვნენ სახლში! არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა სახლშია.

მთავარი გზავნილი უნდა იყოს, რომ თუ ეწყებათ რესპირაციული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: ხველა, თავის ტკივილი, სურდო, ყელის ტკივილი და ტემპერატურის მომატება, არ არის საჭირო რამდენიმე ადგილზე დაიტესტოთ და დარწმუნდეთ, გაქვთ თუ არა და ეს შტამი გაქვთ თუ არა. დიდი ალბათობით, უნდა თქვათ, რადგან 90 %-ში ცირკულირებს “ომიკრონის” შტამი ე.ი არის “ომიკრონი” და იყოთ სახლში! დარჩეთ სახლში, დაურეკოთ 112-ს და ოჯახის ექიმის საშუალებით, სიმპტომების მიხედვით მდგომარეობა მართოთ. 90% შემთხვევებში და მეტი, ეს ჩაივლის რამდენიმე დღის, 3-4-5 დღის განმავლობაში, თითქმის, სიმპტომების გარეშე ან მცირეოდენი სიმპტომებით. 37-37.5 გრადუსი ტემპერატურით და ოდნავ ყელის ტკივილით. იცით ამ დროს რა უნდა გამოიყენოთ”, – თქვა გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, “ომიკრონის” 1 600 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან, რომელიც მათ გამოიკვლიეს, მხოლოდ 16 ინფიცირებულს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია:

“ჩვენი კვლევებით, დაახლოებით 1 600 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გვაქვს გამოკვლეული და მათგან ჰოსპიტალიზაცია 16-მდე ადამიანს, 1%-ს დასჭირდა.

იქიდან 13 ადამიანი სწრაფადვე გაეწერა, 3 რჩება, არც ერთს არ დასჭირვებია ინტენსიური თერაპია და ხელოვნური ვენტილაცია. თუმცა, ამან არ უნდა დაგვამშვიდოს.

ბავშვების ხვედრითი წილი საერთო ინფიცირების არ არის გაზრდილი. 18-19%-ის ფარგლებშია 19 წლამდე მოზარდების წილი. შემთხვევები მოიმატებს, მაგრამ პანიკას ნუ მივეცემით! გთხოვთ და მოგიწოდებთ, ნუ იქნება მოსახლეობაში პანიკა”, – თქვა გამყრელიძემ.

გამყრელიძე: შემთხვევების მატების გამო პანიკას არ უნდა მივეცეთ, ძალიან გთხოვთ, გაავრცელეთ ეს ინფორმაცია

1 თებერვლიდან, უსიმპტომო პირების ტესტირება, შესაძლოა, შეჩერდეს – გამყრელიძე მიზეზებს განმარტავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები