დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი “ფაიზერით” ვაქცინაციისთვის სარეგისტრაციო პორტალზე წარმოქმნილ შეფერხებაზე საურობს და ამბობს, რომ პორტალი გახსნილი იყო, დაახლოებით, 12 000-იანი ლიმიტით, მაგრამ პირველ დღეს დაჯავშნილი იყო 11 000-ზე მეტი ადგილი.
ამირან გამყრელიძის თქმით, დაახლოებით პირველ 5-10 წუთში 100-დან 120 000-მდე ადამიანი ცდილობდა დაჯავშნას, ხოლო მოახერხა მხოლოდ იმდენმა, რაც ლიმიტი იყო.
როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, გაკეთებულია, დაახლოებით, 11 646 ჯავშანი, დანარჩენი 2 500-მდე დოზა კი გადადებულია და უპირატესობა ქართველ სტუდენტებს აქვთ:
“ჩვენი პორტალი გახსნილი იყო დაახლოებით 12 000-იანი ლიმიტით, მაგრამ პირველ დღეს დაჯავშნილი იყო 11 000-ზე მეტი ადგილი. დაახლოებით პირველ 5-10 წუთში 100-დან 120 000-მდე ადამიანი ცდილობდა დაჯავშნას, მოახერხა მხოლოდ იმდენმა, რაც ლიმიტი გვქონდა.
იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი დოზების დარჩენილი ნაწილი გამოყენებულია ქართველ სტუდენტებზე, რომლებიც დასავლეთის უნივერსიტეტებში მიდიან სასწავლებლად, ასევე იმ პირების დასაკმაყოფილებლად, რომლებსაც სხვადასხვა მძიმე დაავადების გამო ბოლო ორი თვის განმავლობაში სამინისტროში განცხადებები ჰქონდათ შეტანილი, ასევე ორგანოგადანერგილებზე.
12 000 ჯავშანი შევსებულია. დღეიდან 7 დაწესებულებაში დაიწყო ვაქცინაცია. ჩვენ მომავალ კვირაშიც ველოდებით დამატებითი დოზების შემოსვლას. “ფაიზერი” არის ექვსდოზიან ამპულებში და ჩვენ მაქსიმალურად ვუფრთხილდებით, რომ დანაკარგი იყოს მინიმალური.
დაახლოებით 11 646 ჯავშანი არის გაკეთებული, დანარჩენი 2 500-მდე დოზა გადადებულია, უპირატესობა აქვთ ქართველ სტუდენტებს. “ფაიზერით” უკვე აცრილია 340-მდე ქართველი სტუდენტი და კიდევ იცრება. განცხადება აქვს 200-მდე ქართველ სტუდენტს, ვინც მიემგზავრება დასავლეთის უნივერსიტეტებში სასწავლებლად. იცით, იქ წესია, რომ კამპუსზე უნდა იყოს ორჯერადად აცრილი ადამიანი და ზოგიერთი ქვეყანა ითხოვს სწორედ “ფაიზერს”. ამიტომ იქნა იმუნიზაციის საბჭოს მიერ ეს გადაწყვეტილება მიღებული. კიდევ დაახლოებით 1 000-ზე ცოტა მეტი განცხადებაა და ამ ვაქცინასთან დაკავშირებით არის ექიმის რეკომენდაცია გაცემული. ასევე, გარკვეული ჯგუფია ორგანო გადანერგილებისა, ვისაც ჩვენ ვცრიდით „ფაიზერზე“ და დარჩენილი არიან ვისაც სურს, აიცრან. დარჩენილი დოზები მეორე პარტიას შეუერთდება.” – თქვა ამირან გამყრელიძემ.