პანკისის ხეობის უხუცესი, ხასო ხანგოშვილი აცხადებს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავების საფუძველი არ არსებობს.
მისი თქმით, რაც არ უნდა ეთქვა მალხაზ მაჩალიკაშვილს თვენახევრის წინ, მთავარია, რა მოიმოქმედა მან ამ ნათქვამიდან დღემდე.
„ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, სინამდვილეში ილაპარაკა მან ეს, თუ არ ილაპარაკა. ეს არ არის სამართლის ისეთი დანაშაული, რომ ამაზე კაცი დაიჭირონ. თუ თვენახევრის წინ არის ჩანაწერი გაკეთებული, ესე იგი, ამ თვენახევრის განმავლობაში, მაგ კაცს ამ კუთხით რაიმე მოქმედება არ განუხორციელებია. თუკი სინამდვილეში სურდა რაღაცის გაკეთება, სათანადო საშუალებებიც ხომ უნდა შეეძინა, ან იარაღი, ან ასაფეთქებელი და ასე შემდეგ. გამწარებულმა კაცმა რაღაც თქვა, ეს ჩვეულებრივად მიმაჩნია.
ეს არ არის ისეთი დანაშაული, რომ ამაზე კაცი დაიჭირონ, გამწარებულმა კაცმა რაღაც თქვა, ჩვეულებრივად მიმაჩნია, ვფიქრობ, არ დააკავებენ , რადგან ამის საფუძველი არ არსებობს. არაფერი ჩაუდენია. მხოლოდ ლაპარაკი არ ნიშნავს იმას, რომ კაცი დააკავო, მით უმეტეს, როდესაც საუბარი თვენახევრის წინ შედგა. ამ ხნის განმავლობაში მას არაფერი მართლსაწინააღმდეგო არ ჩაუდენია. წელიწადნახევარია ითხოვს სამართალს, მაგრამ უბრალო მართლსაწინააღმდეგო ქმედებაც არ ჩაუდენია”, – განაცხადა ხასოხანგოშვილმა.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზებით რამდენიმე პირის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს.უწყებამ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც დიალოგი ქისტურ ენაზე მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის ჩადენას დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მაჩხაანში, სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის, მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილისა და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს აპირებდა.
მალხაზ მაჩალიკაშვილი კი ტერორისტული აქტის მომზადებას კატეგორიულად უარყოფს. ის მის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე ლაპარაკობს. მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ადგილი აქვს ცხელ გულზე მის მიერ ნათქვამი სიტყვების მანიპულირებას. ამ განცხადებების პროვოცირებას კი მისი პოზიციით, თავად ძალოვანი უწყებები ახდენენ, რომლებიც მისი შვილის მკვლელობის საქმეს არ იძიებენ.