LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამტაცებლებს ორივე მთელი ღამე ტყეში ჰყოლიათ – გატაცებულის ახლობლები

234
ყაჩღობა ბანკი

გლდანში, „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებამდე გატაცებული მამაკაცის ახლობლების ინფორმაციით, თავდამსხმელებს გატაცებულები მთელი ღამე ტყეში ჰყავდათ. ინფორმაციას ამის შესახებ “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

როგორც პოლიციის განყოფილებასთან შეკრებილი, გატაცებულების ახლობლები აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცი მანქანის საბარგულში იყო მოთავსებული.

„მთელი ღამე ტყეში ყოფილან. ბიჭსაც და გოგოსაც ხელ-ფეხი შეკრული ჰქონიათ. ბიჭი მთელი ღამე მანქანაში, საბარგულში ჰყოლიათ გამოკეტილი, გოგო – სალონში. გოგოს უკითხავს, რისთვის გჭირდებითო და გამტაცებლებს უთქვამთ „ხვალ ნახავთო“, – განაცხადეს ახლობლებმა.

გლდანში, პოლიციის მე-2 განყოფილებაში, წუხელ გატაცებული ახალგაზრდა ქალი უკვე დაკითხეს, მამაკაცის დაკითხვა კი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ არაოფიციალურად გახდა ცნობილი, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელებმა „სუბარუს“ მარკის ავტომობილი, ორ ადამიანთან ერთად, ბანკზე თავდასხმამდე, გუშინ ღამით გაიტაცეს.

„ახალგაზრდა გოგო მანქანით იყო, როცა მათზე თავდასხმა განხორციელდა და ის მანქანიანად გაიტაცეს. მასთან ერთად გატაცებული იყო კიდევ ერთი ბიჭი. რამდენიმე საათის განმავლობაში ხელ-ფეხ შეკრული ჰყავდათ, ბანკზე თავდასხმის შემდეგ კი, ბანკის ტერიტორიაზე მანქანიდან ჩამოაგდეს, თავად ჩასხდნენ იმავე მანქანაში და გაიქცნენ“, – უყვება „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებული წყარო.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ შსს-ს მიერ გლდანში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სამი მუხლითაა დაწყებული, საიდანაც ერთ-ერთი – 143-ე სწორედ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, თუმცა ამ ინფორმაციას შსს-ში ამ ეტაპზე არ ადასტურებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები