ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ ახლა იგივე ან ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ხუთი წლის წინ. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და ახალგაზრდები უფრო მეტად ამბობენ, რომ 5 წლის წინანდელთან შედარებით ახლა მეტი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ.
კვლევის თანახმად, მოსახლეობისთვის ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდი გამოწვევებია. პასუხები სხვადასხვა დემოგრაფიული ჯგუფის მიხედვით არ განსხვავდება.
როგორც NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული, ყოველი მეორე მოქალაქე საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას „ცუდად“ აფასებს. თბილისელები და ოპოზიციის მხარდამჭერები ეკონომიკის მდგომარეობას სხვებზე უფრო კრიტიკულად აფასებენ.