საქართველოს გამოკითხული მოსახლეობის ნახევარს კომუნალური გადასახადების გადასახდელად თანხა არ ჰქონია – გამოკითხვა NDI-ს დაკვეთით ჩატარდა. კვლევის პრეზენტაცია კი „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართა.
კითხვის ფორმულირება ასეთი იყო: ბოლო 6 თვის განმავლობაში ყოფილა თუ არა ისეთი შემთხვევა, რომ არ გქონდათ საკმარისი თანხა კომუნალური გადასახადების დასაფარად?
ამ კითხვაზე 48% პასუხობს რომ ჰქონია, ხოლო 51 % ამბობს, რომ – არა. [ 1%-მა არ იცის პასუხი კითხვაზე.]
ეროვნული საკითხი – სამუშაო ადგილები
ამ შედეგის შემდეგ გასაკვირი არ არის ის, რომ გამოკითხულთა უმრავლესობისთვის სამუშაო ადგილები კვლავ მთავარ ეროვნულ საკითხად რჩება.
რესპონდენტთა 48% მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია, 34 %-ის აზრით – ფასების ზრდა/ინფლაცია, 33% ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად სიღარიბეს, 29 % ტერიტორიულ მთლიანობას, 22% პენსიებს, 19% კი ხელფასებს ასახელებს.
ეკონომიკური მდგომარეობა
საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 4 პროცენტს მიაჩნია, რომ ქვეყნის ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა კარგია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის ივნისის გამოკითხვის მაჩვენებელს ემთხვევა.
ამავე კვლევის თანახმად, მოსახლეობის 63% ამბობს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია. მოსახლეობის უარყოფითი შეფასება წინა წლის ივნისის გამოკითხვასთან შედარებით გაზრდილია. ამჟამინდელ ეკონომიკურ მდგომარეობას საშუალოდ მოსახლეობის 31 პროცენტი მიიჩნევს.
ქვეყანა არასწორად ვითარდება
კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 49 % ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორტონი აცხადებს, ეს ბოლო ათი წლის მანძილზე, აღნიშნულ საკითხზე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 30% მიიჩნევს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება. 18% კი ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.
კვლევის საველე სამუშაოები 13-დან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. სულ კვლევაში 2132 დასრულებული ინტერვიუა. ცდომილება კი 1.7%-ია. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC -საქართველოს მიერ.
კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid -ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.
დღეს კვლევის პირველი ნაწილია ხოლო, ხუთშაბათს კვლევის პოლიტიკური ნაწილის პრეზენტაციაა დაგეგმილი.