LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოკითხული რუსი მიგრანტების 56%-ის აზრით, ქართულ დემოკრატიას დიდი პრობლემები აქვს – CRRC

146
Untitled design

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა [CRRC – საქართველო] საქართველოში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინა. კვლევა – „რუსი იმიგრანტების ცხოვრება საქართველოში“ 2023 წლის 5 აპრილიდან 8 მაისამდე პერიოდში ჩატარდა, გამოიკითხა 1008 რესპონდენტი.

როგორც ავტორები აღნიშნავენ, კვლევის მთავარი მიზანი 2022 წლის 24 თებერვლის [უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის] შემდეგ, საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული რუსეთის მოქალაქეების შეხედულებების, დამოკიდებულებებისა და საქმიანობის შესწავლა იყო.

ანგარიში მოიცავს ისეთ პუნქტებს, როგორიცაა:

  • მოქალაქეების მიერ რუსეთის დატოვების მიზეზები;
  • დამოკიდებულებები საქართველოსა და საქართველოს მოქალაქეების მიმართ;
  • რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში დემოკრატიის ხარისხის შეფასება;
  • რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების მიმართ დამოკიდებულებები და სხვა.

კვლევის შედეგების მიხედვით, კითხვაზე – რატომ დატოვეს რუსეთი, 1006 გამოკითხულიდან 87% მიზეზად რუსეთში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას ასახელებს, 73% აცხადებს, რომ ქვეყანა უკრაინასთან კონფლიქტის გამო დატოვა, 29 %-ის თქმით, მიზეზი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადება გახდა, 22 % ამბობს, რომ ქვეყანა შვილების მომავლისთვის დატოვა, დანარჩენი მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება:

გამოკითხული რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ჩამოსვლის მთავარ მიზეზებზეც საუბრობენ:

  • 1008 რესპონდენტიდან 28% საქართველოში უსაფრთხოებას ასახელებს;
  • 17 % – საქართველოში ცხოვრების ხელმისაწვდომობას;
  • 14 % – საქართველოში ჩამოსვლის სიმარტივეს;
  • 9 % ბიზნესის დაწყების სიმარტივეს;
  • 7 % დევნისგან დაცულობას;
  • 8 % კი სხვა მიზეზებს.

კითხვაზე, რამდენად დემოკრატიულია საქართველო დღეს, 853-მა რესპონდენტმა უპასუხა – გამოკითხულთა 3% მიიჩნევს, რომ სრულიად დემოკრატიულია, 35% ფიქრობს, რომ დემოკრატიულია პატარა პრობლემებით, 56%-ის აზრით, დემოკრატიულია დიდი პრობლემებით, 3% ამბობს, რომ საერთოდ არ არის დემოკრატიული, 3%-ს კი პასუხი არ აქვს.

ანგარიშის მიხედვით, კვლევაში მონაწილე 1008 პირიდან 93% ამბობს, რომ ახლო მომავალში რუსეთში დაბრუნებას არ აპირებს; 5% ამბობს, რომ აპირებს, 3%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.

რუსეთის მოქალაქეებმა ასევე უპასუხეს კითხვას – „როგორი დამოკიდებულება გაქვთ უკრაინის მიმართ“. 93 % ამბობს, რომ დადებითი, 4 % კი ამბობს, რომ უარყოფითი.

კითხვაზე – „როგორ შეაფასებდით ვოლოდიმირ ზელენსკის საქმიანობას“, 43 % ამბობს, რომ ძალიან დადებითად; 38 % – საკმაოდ დადებითად, 7 % საკმაოდ უარყოფითად, 3 % ძალიან უარყოფითად, გამოკითხულთა ერთმა პროცენტმა არ იცის, ვინ არის ვოლოდიმირ ზელენსკი.

რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეების დამოკიდებულებას საკუთარი პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართ, კითხვაზე – „როგორ შეაფასებდით ვლადიმირ პუტინის საქმიანობას“ – 1 %-ზე ნაკლები ძალიან დადებითად აფასებს, 1 % საკმაოდ დადებითად, 89% კი საკმაოდ უარყოფითად.

როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, გენერალურ ერთობლიობაზე საქართველოში მცხოვრებ რუსეთის ყველა მოქალაქეზე) ოფიციალური ინფორმაციის არქონისა და არაალბათური, არარანდომული შერჩევის დიზაინის გამო, კვლევის შედეგების განზოგადება შეუძლებელია.