LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოფენა სახელწოდებით ,,ქვის ხანა საქართველოში“ გაიმართება

222

22 სექტემბრიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გამოფენა სახელწოდებით – ,,ქვის ხანა საქართველოში“ გაიმართება.

სამხრეთ კავკასია გეოგრაფიული მდებარეობის გამო, კაცობრიობის ისტორიის ყველა ეტაპზე კულტურათა გზაჯვარედინი იყო. ეს ტერიტორია აფრიკიდან გამოსული ადამიანის გადაადგილების და განსახლების არეალიც მრავალჯერ გახდა. საქართველოს ტერიტორიაზე ქვის ხანის 500-ზე მეტი ძეგლი და ადგილსაპოვებელია აღმოჩენილი.

”ექსპოზიციაზე წარმოდგენილია საქართველოს ქვის ხანა (1.77 მლნ. წ. – 8 ათასი წ.) და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აღმოჩენილი ანთროპოლოგიური მასალა, რომელიც ადამიანის ევოლუციის დროში დინებას ასახავს. შესავალ ნაწილში კი გვიან მიოცენური ასაკის (8-5 მლნ. წ.) ხმელეთის ფაუნის ევოლუცია და პალეოგარემოა ნაჩვენები სამხრეთ კავკასიაში ადრეული ჰომინინების განსახლებამდე.

სამხრეთ კავკასიაში ადრეული ადამიანის ნაშთები 1,770,000 წლის წინ დმანისში (ქვემო ქართლი) ჩნდება. ეს აღმოჩენები უძველესია ევრაზიის ტერიტორიაზე და აფრიკიდან განსახლების პირველ ადგილსამყოფელს წარმოადგენს. დმანისელი ჰომინინები უნიკალურ ინფორმაციას იძლევიან ადრეული Homo-ს შესახებ. დღეისათვის 5 თავის ქალა, 4 ქვედა ყბა და 70-ზე მეტი ჩონჩხის ძვალია აღმოჩენილი. დმანისი მდიდარია როგორც პალეონტოლოგიური მასალით, ასევე ადამიანის მიერ დამზადებული ქვის იარაღებითაც.

დმანისის გარდა საქართველოს ტერიტორიაზე ქვის ხანის (500,000-8000 წელი) უამრავი ძეგლია, რომელიც სხვადასხვა პერიოდს განეკუთვნება. აქ აღმოჩენილი მასალა გვიჩვენებს ძველი ქვის ხანის იარაღის დამუშავების ტექნოლოგიის განვითარების ყველა ეტაპს და, ამასთანავე, წარმოგვიდგენს გარემო პირობებთან ადამიანის ადაპტაციის პროცესსა და სოციალურ ცვლილებებს.

გამოფენაზე, ასევე, იხილავთ ცნობილი პალეოარტისტების – ელიზაბეთ დენის, მაურისიო ანტონის, ჯონ გურჩის და როდოლფო ნოგუერას მიერ შესრულებული ჰომინინებისა და დმანისის გარემოს რეკონსტრუქციებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.