LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოძიებამ ოჯახს თემირლან მაჩიკაშვილის პირადი ნივთები 1.5 წლის შემდეგ დაუბრუნა

83
news_23003_1

გამოძიების შეწყვეტიდან 1.5 წლის შემდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის პირადი ნივთები ოჯახს დაუბრუნეს.

საქმის სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილმა და ამ საქმეზე მომუშავე სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტმა ბრიფინგი გამართეს.

როგორც ბრიფინგზე მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატმა განაცხადა, გენერალურმა პროკურატურამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაციის დროს ამოღებული ნივთები ოჯახს სრულად დაუბრუნა. მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფაზე და მის მიმართ ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც და პროკურატურამაც.

როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, მართალია, ოჯახს გადაეცა თემირლან მაჩალიკაშვილის პირადი მობილური ტელეფონი, თუმცა მოწყობილობაში სოციალური ქსელის აპლიკაციებზე წვდომა არ არის.

როგორც „სოციალური სამართლიანობის ცენტრში“ განმარტავენ ოჯახს გადაეცა თანხა, რომელზეც „სუსი დაუსაბუთებლად მიუთითებდა, რომ თითქოს, დანაშაულებრივი გზით იყო მოპოვებული“.

“რამდენიმე დღის წინ, წელიწად-ნახევრიანი ლოდინის შემდეგ, პროკურატურამ ოჯახს თემირლან მაჩალიკაშვილის პირადი ნივთები დაუბრუნა, მათ შორის ტელეფონი. მოხდა იმ თანხის დაბრუნებაც, რომელსაც სუსი დაუსაბუთებლად მიუთითებდა, რომ თითქოს დანაშაულებრივი გზით იყო მოპოვებული. საქმის მასალების მიხედვით, ეს არ დასტურდებოდა, ამ თანხის დაბრუნებამ ჩვენი პოზიციების სისწორე აღიარებინა პროკურატურას“,- განაცხადა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წევრმა, თამთა მიქელაძემ.

როგორც ბრიფინგზე განაცხადეს, ოჯახი ამ დრომდე ელოდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის და არაეფექტიანი გამოძიების საქმეზე. ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლოს წარმოება უკვე დასრულებული აქვს და გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს.

„ეს იყო მცდელობა მთელი პანკისის და ქისტების ტერორიზმში დადანაშაულების. დააჯერეს ხალხს, რომ თემირლანს ერიცხებოდა თანხები, ხდებოდა ტრანზაქციები ჩატაევის მიმართ. ეს ჩემი ქალიშვილის დანაზოგი იყო გერმანიიდან, ემიგრაციიდან და შრომით ჰქონდა შეგროვებული ეს თანხები და ამ ფულზე ამბობდნენ თითქოს ჩატაევისგან იყო. ამ ტელეფონშია ჩვენი ცხოვრება. დღეს აქედან ამოშალეს ფეისბუქი, რადგან აცხადებდნენ, რომ რაღაცები ჰქონდა ატვირთულიო და ტყუილი იყო ეს, თითქოს ვოთსაფში საუბრობდა აფეთქებებზეო“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები