LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოდიხართ და ბრტყელ-ბრტყელებს საუბრობთ – ლევან დავითაშვილი გიგა ბოკერიას

119

თქვენს დროს არავითარი შემოწმება არ ხდებოდა გარემოს დაცვის ნაწილში და ახლა გამოდიხართ და რაღაც ბრტყელ-ბრტყელებს საუბრობთ?! – ასე მიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, საპარლამენტო უმცირესობის წევრ, გიგა ბოკერიას, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, სადაც კომპანია „არემჯის“ საქმიანობაზე მსჯელობენ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დაინტერესდა, რატომ არ იღებს ზომებს საქართველოს ხელისუფლება ბოლნისში გარემოს დაბინძურების პროცესის შესაჩერებლად.

„თქვენ პრაქტიკულად, აღიარებთ, რომ იქ გრძელდება გარემოს დაზიანება, მარტო შავ-ბნელ წარსულში კი არ იყო, თქვენს ნათელ აწმყოშიც გრძელდება და თქვენ ახლა მსჯელობთ, როგორ შეიმუშავებთ ინსტრუმენტებს, რომ ის დააზიანება, რომელიც დღეს ხდება, აანაზღაურებინოთ მომავალში?! იქამდე უნდა აცადოთ, რომ კიდევ დაზიანდეს და მერე იმედი უნდა გვქონდეს თქვენი ეფექტური მთავრობის, როგორ აანაზღაურებინებთ? ლოგიკური კითხვა არ ჩნდება, რომ არათუ გაფართოებაზე, არამედ დღესვე კანონმდებლობის შეცვლაზე უნდა იფიქროთ, რათა ამის შეჩერება შეგეძლოთ? ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა გარემოსდაცვითი ორგანიზაცია, ყველა სამოქალაქო ჯგუფი, თქვენი სამინისტროს ექსპერტები თვლიან, რომ იქ ზიანდება გარემო. რა არის ეს, – თქვენს წინააღმდეგ, „არემჯი გოლდის“ და „არემჯი კოპერის“ და ბიძინა ივანიშვილის წინაღმდეგ შეთქმულებაა მსოფლიოში?!“ – მიმართა ბოკერიამ ლევან დავითაშვილს.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ოპოზიციას მიმართა, რომ მათ სურთ, დემაგოგიით მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ.

„არათუ ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოება, დეპუტატები, ჩვენც იგივე პოზიციას ვაფიქსირებთ, რომ აქ არის პრობლემები და პრობლემები უნდა გამოსწორდეს. სად ნახეთ განსხვავებული პოზიცია, მე არ მესმის. რაც შეეხება ზიანი დღეს თუ კიდევ ადგება გარემოს, ჩვენ გამოსწორებაზე ვსაუბრობთ. ეს არის 70-იანი წლებიდან დაგროვილი ნაყარები, მძიმე მეტალების შემცველი, რომელიც წვიმის შემთხვევაში დააბინძურებს მდინარეს და თუ ჩვენ არ მოვახერხეთ გამოსწორება და შესაბამისი ზომები არ მივიღეთ, ნებისმიერი ლიცენზიატის ოპერირებისდა მიუხედავად ეს პრობლემა იქნება ხალხისთვის. თქვენ გინდათ, დემაგოგიით შეიყვანოთ მოსახლეობა შეცდომაში. ჩვენ გვინდა გამოვაწოროთ პრობლემა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.