LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამარჯობა რუბი – სექტემბრიდან ჩვენი ბავშვები პროგრამირებას ცნობილი წიგნით ისწავლიან

624
კომუნიკაციების კომისია

25 ქვეყანაში აღიარებული და წარმატებული წიგნით „გამარჯობა რუბი“ სექტემბრიდან საქართველოში დაწყებითი კლასების მოსწავლეები, პროგრამირების და კომპიუტერული მეცნიერებების საფუძვლებს ისწავლიან. ამ თემასთან დაკავშირებით, დღეს ფინელმა პროგრამისტმა და „გამარჯობა რუბი“ – წიგნების სერიის ავტორმა ლინდა ლიუკასმა, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა, ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

ლინდა ლიუკასი ჟურნალ „ფორბსის” მიერ 2018 წლის ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ევროპის საუკეთესო 50 ქალს შორის დასახელდა, ხოლო ევროკომისიამ მას ფინეთის ციფრული ჩემპიონი უწოდა. დღეს ლინდა ლიუკასმა 60-მდე მასწავლებელსა და ტრენერს „გამარჯობა რუბი“ წიგნით სწავლების საგაკვეთილო სქემის შემუშავებაში სერტიფიცირებული ტრენინგი და ვორქშოფი ჩაუტარა.

„გამარჯობა რუბის“ წიგნები „თავგადასავალი პროგრამირების სამყაროში“ და „მოგზაურობა კომპიუტერში“ თარგმნილი და გამოცემულია 25 ენაზე, მათ შორის, ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად, იტალიურად, ესტონურად, იაპონურად და ახლა უკვე ქართულადაც. წიგნი დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს მასშტაბით, ნიუ იორკის სკოლებში კი, დაწყებითი კლასის მოსწავლეები სწორედ ამ წიგნებით სწავლობენ პროგრამირების საფუძვლებს.

ავტორის გადაწყვეტილებით, „გამარჯობა რუბი” წიგნების ქართულად გამოქვეყნებაზე ლიცენზია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიღო. „გამარჯობა რუბი“ – არის ფინური საბავშვო წიგნების სერია, რომელიც დაწყებითი კლასის ბავშვებში კომპიუტერული მეცნიერებების საწყისების დაუფლებას და კრიტიკული შეფასებისა და ანალიზის უნარის განვითარებას ისახავს მიზნად.

სექტემბრიდან კი მსოფლიოში აღიარებული წიგნით, განათლების სამინისტროს რეფორმის ფარგლებში, შერჩეული 3 საჯარო და ასევე, 2 კერძო სკოლის მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეები პროგრამირების საფუძვლებს „გამარჯობა რუბი“ წიგნებით დაეუფლებიან.

„გამარჯობა რუბი“ წიგნით სწავლება ქალაქ საგარეჯოს # მე-2, ქალაქ რუსთვის # მე-4 და თბილისის # 71-ე საჯარო სკოლებში კლუბებში, ხოლო „ბაქსვუდის საერთაშორისო“ და „XXI საუკუნის“ კერძო სკოლებში სასწავლო გეგმის ფარგლებში განხორციელდება.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად, 2019 წელს მოზარდებისთვის, მშობლებისა და მასწავლებლების ჩართულობით, მედიაწიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, 5 პროექტს განახორციელებს.

პროექტები ევროკავშირის ქვეყნების წარმატებული პრაქტიკების შესწავლის, მათი ეფექტიანობის შეფასებისა და საქართველოში განხორციელების შესაძლებლობების ანალიზის შედეგად შეირჩა.

აღნიშნული პროექტები ხელს შეუწყობს მოზარდებში ისეთი უაღრესად აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებას როგორიცაა:

  • კომპიუტერული მეცნიერებების საწყისების დაუფლება;
  • მიღებული ინფორმაციის (ონლაინ კონტენტი) შეფასება და ანალიზი; ცრუ ინფორმაციის (დეზინფორმაცია, პროპაგანდა, ყალბი ინფორმაცია, საზიანო ინფორმაცია) ამოცნობა;
  • ინფორმაციის წყაროს კრიტიკული შეფასება და ავტორის შესაძლო მოტივაციის განსაზღვრა;
  • ციფრულ და შემოქმედებით ეკონომიკაში შესაძლო მონაწილეობის ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება