უმრავლესობის დეპუტატი შალვა პაპუაშვილი “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე პოსტს აქვეყნებს და “თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოების” ჯგუფზე საუბრობს.
პაპუაშვილი ჯგუფის წევრებს მიმართავს და ურჩევს ჯგუფი ღია და გამჭვირვალე იყოს.
მისი თქმით, ჯგუფის საზოგადოება ჭრელია. ზოგი ახალბედა პოლიტიკოსი, ზოგიც სხვა ქვეყნის ორგანიზაციის თანამშრომელი, რომელსაც შიდა პოლიტიკაში ღიად მონაწილეობის უფლება, არ აქვს.
პაპუაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“მოკლედ, სასწაული ხალხი აღმოჩნდა ეს “სირცხვილიას” მიერ ადმინისტრირებული “თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოება”. თქმა ვერ მოვასწარი დატროლვის შემთანხმებელი ჯგუფია-მეთქი, რომ ამის დაჟინებით უარყოფა დაიწყეს თავისი საქციელით… დატროლვით.
"იგივე ხდება ახლა ჩემს TikTok-ზე...ზოგადად, სირცხვილია ჰეითერობა" - "ოცნების" დეპუტატი
"თუ რამეა მანიაკობა, ალბათ, სწორედ ასეთ ჯგუფებში ადამიანზე თავდასხმის დაგეგმვა, ზომბებივით სხვის პროფილებზე შესევა, ზიზღის დანთხევა".
ჰოდა, გამოვიდა ყველა, ვისაც არ ეზარებოდა. და რახან თავისით გამოვიდნენ, მეც, ძველი ამბის არ იყოს, დავთვალე. 158 ჰაჰა და 120 კომენტარი. შინაარსიანიც, უხამსიც, შეურაცხმყოფელიც, ზიზღიანიც, დამამცირებელიც, აგდებულიც, პრონწკულიც, მოკლედ ისეთი, როგორიც, ჩვენს ქვეყანაში, თავისუფლების სიყვარულს ეკადრება.
საზოგადოება ჭრელი. ზოგი ჟურნალისტია ან “აპოლიტიკური” არასამთავრობო (ან ორივე ერთად), ზოგი ახალბედა პოლიტიკოსი, ზოგიც სხვა ქვეყნის ორგანიზაციის თანამშრომელი, რომელსაც შიდა პოლიტიკაში ღიად მონაწილეობის უფლება, წესით, არც აქვს.
ჯამში, ცუდი არ იყო. თან ჩემი ჩაწოდებით, როგორც გავიგე, ჯგუფს სახელიც შეუცვალეს და ახლა “პრონწკები” დაირქვეს. სწორი გადაწყვეტილებაა. ხაზს უსვამს, რომ მაგ ჯგუფის სახელი ფუტლიარია და სახელის მიღმა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, დიდი სიცარიელეა.
მაგრამ, რახან მათი ყურადღება მივიპყრე, ერთ რჩევასაც მივცემ. ? ეგ დახურული ჯგუფი გახსენით. ცოტა მზის შუქი შეუშვით. თავისუფლებას თუ ავრცელებთ და ამტკიცებთ, რომ ჰეითერები არ ხართ, იყავით ღია და გამჭვირვალე. რა გაქვთ დასამალი?
? გახეთქეთ ბაბლი. იქნებ თქვენთან დაგროვილი თავისუფლებაა, რომელიც ასე გვაკლია. გადმოიღვრება და ჩვენც ჩავიხუტებთ.” – წერს პაპუაშვილი.
მანამდე დეპუტატმა სხვა განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ამბობდა, რომ “თავისუფლების გამავრცელებლი საზოგადოების” ჯგუფში ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელმა მის ფეისბუქგვერდზე “შემოსევის ბრძანება” გასცა.