LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარიას დაკავებულ მხარდამჭერ აკაკი ბართაიას პოლიციელი “გამწარებით” დაემუქრა – ადვოკატი

99
1

გიორგი გახარიას პარტიის დაკავებული მხარდამჭერის, აკაკი ბართაიას ადვოკატი აცხადებს, რომ ბართაიას სასამართლოდან საპატიმროში გადაყვანის დროს შეხვდა ისევ ის პოლიციელი, რომელიც “გამწარებით დაემუქრა”.

დაკავებული მხარდამჭერის ადვოკატი ზაზა დათუკიშვილი გენერალურ პროკურატურას განცხადებით მიმართავს. 

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებთან განაცხადა, სასამართლოდან ბართაია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალურად შემოვლითი გზით წაიყვანეს. პოლიციელებმა გააჩერეს მანქანა, სადაც დახვდა ერთ-ერთი ის პოლიციელი, რომელიც, ადვოკატის თქმით, იარაღის ჩადების სპეცოპერაციაში მონაწილეობდა.

ადვოკატის თქმით, ბრალდებული ამბობს, რომ აღნიშნული პოლიციელი დაემუქრა, თუ საკუთარი საქმის ირგვლივ ჩივილს და საზოგადოებრივ აქტოვობას არ შეწყვეტდა, ისინი მას გაამწარებდნენ:

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც თავად ბრალდებული განმარტავს, აკაკი ბართაიას იარაღი ჩაუდეს და მისი დაკავება მოხდა პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე. თუმცა, ეს არ არის ერთადერთი დანაშაული და დარღვევა, რომელიც მის მიმართ არის ჩადენილი. გუშინწინ მოხდა ძალიან საინტერესო ფაქტი, როდესაც სასამართლოში დასრულდა სხდომა და აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი, პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლოდან მოახდინეს ბართაიას გადაყვანა სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში, რა დროსაც იგი სპეციალურად შემოვლითი გზით წაიყვანეს.

როდესაც ბრალდებულმა ჰკითხა, თუ რატომ მიდიოდნენ შემოვლითი გზით მათ ქალაქში თითქოსდა შუქნიშნების არსებობა მოიმიზეზეს. შემოვლით გზაზე პოლიციელებმა გააჩერეს მანქანა და მას იქ დახვდა ერთ-ერთი ის პოლიციელი, რომელიც მონაწილეობდა იარაღის ჩადების სპეცოპერაციაში, რა დროსაც ბრალდებულის განმარტებით, აღნიშნული პოლიციელი კვლავ დაემუქრა, რომ თუ არ შეწყვეტდა საკუთარი საქმის ირგვლივ ჩივილს და საზოგადოებრივ აქტოვობას, ისინი მას გაამწარებდნენ. მოკლედ, დაემუქრნენ, რომ გაჩუმებულიყო.

ეს არის ძალიან სერიოზული დანაშაული. სწორედ აღნიშნულის გამო ჩვენ დღეს მივმართეთ საქართველოს პროკურატურას განცხადებით, რომლითაც მოვითხოვეთ ცეცხლსასროლი იარაღის ჩადების ფაქტზე დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყება და გუშინწინ მომხდარ ამ მუქარის ფაქტზე, რომელიც ცალსახად მიუთითებს პოლიციის მხრიდან დანაშაულის ჩადენაზე, ასევე გამოძიების დაწყება”, – განაცხადა ბართაიას ადვოკატმა.

დაკავებულის ადვოკატის თქმითვე, მათ უკვე მიმართეს სახალხო დამცველის აპარატს, რათა შეისწავლოს აკაკი ბართაიას უფლებების დარღვევის ფაქტი. მისივე განმარტებით, გუშინ დაცვის მხარემ დაათვალიერა შემთხვევის ადგილი,”სადაც ბრალდებულს იარაღი ჩაუდეს და დააკავეს”.

შეგახსენებთ, გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” მხარდამჭერს, აკაკი ბართაიას პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 აგვისტოს შეუფარდა. ის 16 აგვისტოს, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

თავად გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ ბართაია პოლიტიკური ნიშნით დააკავეს, საქმიანობის შეწყვეტა მოსთხოვეს და იარაღიც ამის გამო ჩაუდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები