LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახანგრძლივდება თუ არა ბაღებში არდადეგები?

237569450

თბილისის ბაღებში, სააღმზრდელო პროცესის დაწყებისთვის მზადება მიმდინარეობს, თუმცა მიმდინარე კვირაში შესაძლოა, არდადეგების გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღონ.

როგორც “ფორტუნას” ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ისინი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციას ელოდებიან. სააგენტოში უარყოფენ, რომ მათ სააღმზრდელო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, რაიმე განცხადება გაავრცელეს.

“არანაირი განცხადება გაგვივრცელებია. 14-ში როგორც გვაქვს დაგეგმილი, ვემზადებით სააღმზრდელო პროცესის დასაწყებად, ვაგვარებთ საკვებით მომარაგების საკითხს და ა.შ. თუმცა, თუ ჯანდაცვის სამინისტრო მიმდინარე კვირაში, რაიმე რეკომენდაციას გასცემს ან დაგვავალებს არდადეგების გახანგრძლივებას, თავისთავად, ამას შევასრულებთ. ამ ეტაპზე ცვლილებებზე საუბარი არ არის,” – განაცხადეს ბაღების მართვის სააგენტოში.

ამ დრომდე ბაგა ბაღების მართვის სააგენტოს, უწყებიდან არანაირი რეკომენდაცია არ მიუღია.

შეგახსენებთ, მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაღებში არდადეგები არ გახანგრძლივდებოდა. ამასთან, ცოტა ხნის წინ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში განვითარებული მოვლენების შესაბამისად გადაწყვეტენ, სკოლებში და ბაღებში სწავლის დაწყების თარიღის შეცვლას.

“ამ კვირის განმავლობაში დავაკვირდებით რა მდგომარეობა იქნება, შემდგომ ჯანდაცვის სამინისტრო და განათლების სამინისტრო ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებენ” – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი განმარტებით ქვეყნისთვის ეპიდემიური ზღვარი არის 450 000 – 500 000-მდე დაავადებული ადამიანი.

“დღეის მდგომარეობით ჩვენ გვაქვს 254 000” – აღნიშნა გამყრელიძემ.

საბოლოო გადაწყვეტილებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კვირის ბოლოს მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები