წინასაახალწლო პერიოდში ერთ-ერთი მთავარი კითხვა სავაჭრო ობიექტების გახსნას ეხება, რაზეც დღეს ბიზნესის წარმომადგენლები ნათია თურნავას ხვდებოდნენ.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, უსაფრთხოების ის შესაძლო მექანიზმები განიხილეს, რომლებიც სავაჭრო ობიექტების 24 დეკემბრიდან გახსნის შემთხვევაში პანდემიის გავრცელების პრევენციისთვის უნდა იქნეს გამოყენებული.
"ქვეყანაში კლინიკური ვაკჰანალიაა ...შეზღუდვების მოხსნა მიზანშეწონილი არ არის" - ვახტანგ კალოიანი
"ასეთი გაუგებრობა და „დომხალი“ არ მახსოვს"
„სხვადასხვა წერტილოვანი შეზღუდვის დაწესება-მოხსნის საკითხები, რა თქმა უნდა, წყდება სხვა დონეზე – საგანგებო უწყებათაშორისი საბჭოს ფორმატში, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მოგვესმინა თავად სავაჭრო ობიექტებისგან, შოპინგ-მოლებისგან, თუ რამდენად მზად არიან ისინი, რომ 24 დეკემბერს გახსნის შემთხვევაში, არ დაუშვან ობიექტების ზედმეტი გადატვირთვა; ისეთი რიგები, სადაც არ იქნება დაცული ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები; აჟიოტაჟური მოხმარება, რისი მომსწრეებიც, სამწუხაროდ, ნოემბერში გავხდით. მათგან მოწოდებულ ყველა არგუმენტს, რა თქმა უნდა, მოვახსენებ უწყებათაშორის საბჭოს, რომელიც მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას,” – აღნიშნა თურნავამ.
მინისტრის შეფასებით, შეხვედრის მონაწილე სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებმა გამოხატეს ძალიან პასუხისმგებლიანი მიდგომა. როგორც თურნავამ აღნიშნა, მათგან მოისმინა სხვადასხვა ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მართონ დღის განმავლობაში მომხმარებლის ქცევა.