სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს გვერდი „გაიცანით სამარცხვინო მძღოლები,“ სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება სხვადასხვა ტიპის დარღვევები, იქნება ეს პარკინგი, ღერძულა ხაზის გადაკვეთა თუ ქვეითების არასწორი გადაადგილება. გვერდს 40ათასზე მეტი „ლაიქი“ აქვს და საკმაოდ აქტიურად მოღვაწეობს იმისთვის, რომ დარღვევების შესახებ მოქალაქეების ცნობიერება აამაღლოს. შესაბამისად, ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს მათი მოსაზრებების მოსმენაც. სწორედ ამიტომ დღევანდელი ავტობლოგისთვის სწორედ „გაიცანი სამარცხვინო მძღოლების“ გვერდის ადმინისტრატორის ინტერვიუს გთავაზობთ.
თუმცა, აქვე მინდა ავღნიშნო ისიც, რომ სამწუხაროდ დამრღვევების უმეტესობა ამ გვერდის ე.წ „ადმინების“ მიმართ დიდი აგრესიით გამოირჩევა, რაც მათ აიძულებთ ანონიმურ რეჟიმში გააგრძელონ მოღვაწეობა. როგორც ისინი აღნიშნავენ, მათ საქმიანობას გარკვეული შედეგებიც აქვს. გარდა ამისა, გვერდის ადმინისტრატორი, რომლის სახელსა და გვარს შეგნებულად არ გამოვაქვეყნებ, ძალიან საინტერესო რჩევებს აძლევს მერიისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.
პირველ რიგში გვაინტერესებს, რამდენი ხანია რაც ეს გვერდი შეიქმნა და როგორ დაიბადა ამ გვერდის შექმნის იდეა?
გვერდი 2 წელიწადზე მეტია არსებობს. შექმნის იდეა კი გამომდინარობს იქიდან, რომ დავიღალეთ ამ ქაოსის ყურებით. მანქანის ტარების სტილი პირდაპირი ანარეკლია მასის კულტურისა და ზრდილობის. სწორედ ეს გახლავთ ის მიზეზი, რამაც ამ გვერდის შექმნის გადაწყვეტილება მიგვაღებინა.
როგორ ფიქრობთ, გამოიღო ამან რაიმე შედეგი? ან თუ გაქვთ რაიმე მხარდაჭერა ოფიციალური პირებისგან, თუნდაც მოსახლეობისგან?
შედეგი არის რამდენიმე ტიპის. პოზიტიური: ბევრი მომხმარებელი გვწერს რომ მადლობელია იმიტომ, რომ ამ გვერდიდან გამომდინარე თავისი პარკირების ან ტარების სტილი შეცვალა. (ეს ეხება შეგნებულ ადამიანებს). ნეგატიური შედეგი: ბევრმა შეწყვიტა ან ცდილობს ნაკლებად დაარღვიოს იმის გამო, რომ ეშინია ან არ სიამოვნებს ამ გვერდზე მოხვედრა.
რა თქმა უნდა ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს მოსახლეობისგან. რამდენიმე სატელევიზიო გადაცემაც გაკეთდა ჩვენს შესახებ და რამოდენიმე სტატია გამოვაქვეყნე ჟურნალში. ოფიციალური უწყებების მიერ მხარდაჭერა არ გაგვაჩნია, თუმცა სამინისტროები რეგულარულად შემოდიან ჩვენს გვერდზე და მასალებს ათვალიერებენ. თბილისის ბევრი რაიონის გამგეობებიდანაც შემოდიან, როდესაც მათ “ვთაგავთ” იმიტომ, რომ ამ გვერდზე ავტომანქანების ტარების, პარკირების ან ქვეითების მიერ დარღვევების გარდა, ასევე გზის საფარის დაზიანებებიც ფიქსირდება.
ძირითადად რა ტიპის დარღვევებზე კეთდება აქცენტები თქვენი მხრიდან?
ყველანაირი. თუმცა, პარკირება დომინირებს.
თუ დაკვრირვებიხართ, ან რაიმე სახის სტატისტიკა თუ გაქვთ დარღვევებზე, ანუ მაგალითად რა ტიპის მძღოლები არღვევენ მოძრაობის წესებს ყველაზე ხშირად ან რაიმე მსგავსი?
მოდით ასე გეტყვით . 98% არღვევს მოძრაობის წესებს და თან წუთობრივ რეჟიმში, გამომდინარე დაუსჯელობის სინდრომისგან და პოლიციის პასიურობიდან. ამას ემატება კიდევ ის, რომ არავის არ ეშინია ჯარიმის, რადგან მაქსიმალური ჯარიმის თანხა (სიმთვრალე არ შედის ამაში) 50 ლარს შეადგენს.
თუ გქონიათ ისეთი შემთხვევა, როდესაც თქვენს გვერდზე გამოქვეყნებულ დარღვევაზე საპატრულო პოლიციას რეაგირება მოუხდენია?
დიახ, იყო რამდენჯერმე ასეთი შემთხვევა. ყველაზე გახმაურებული, ერთი ბიჭის ვიდეო გამოდგა, რომელსაც ანონიმუს საქართველო ერქვა: ზოოპარკთან მიმავალ გზაზე, ტროტუარზე ფეხით მიდიოდა და ტროტუარზე ასულ მანქანებს გზას არ უთმობდა. საპატრულო პოლიციამ ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ 8 ავტომობილი გადაიყვანა საჯარიმო სადგომზე და დააჯარიმა. ამასთან ერთად ბევრი მომხმარებელი გვყავს, რომელიც სურათის გადაღების შემდეგ საპატრულოში რეკავს და აიძულებს, ამ მანქანების დაჯარიმებას.
ქალ მძღოლებზე რას იტყვით, თუ ხვდებიან ისინი ხშირად თქვენს გვერდზე და თუ ხვდებიან იქ მოხვედრის მიზეზს?
მიხვედრით კი ხვდებიან, მაგრამ ძალიან პატარა პროცენტი იხდის ბოდიშს და აღიარებს დანაშაულს. დანარჩენები უმეტეს წილად იმუქრებიან და იგინებიან… ქალბატონებს რაც შეეხება – გამომდინარე თანამედროვე მართვის მოწმობის სისტემის მიღებიდან – თქვენ თვითონ შეძლებთ წარმოიდგინოთ რას შვრებიან ისინი გზებზე, თუმცა, შემხვედრია ქალბატონები რომლებმაც შესწავლილი თეორია შეინარჩუნეს და წესების მაქსიმალურად სრულად დაცვით მოძრაობენ.
თუ გიცდიათ საავტომობილო პრობლემებზე მერიასთან დაკავშირება და თუ შეგითავაზებიათ რაიმე იდეა?
მერიას ერთი პერიოდი მუდმივად ვთაგავდით ყველანაირ იმ დარღვევაზე, რომელიც მათი უყურადღებობის გამო იყო ჩადენილი. მაგალითად გპი-ის უკან “ახალ ხიდზე” საცობის დროს ტროტუარზე მომავალი მანქანების პრობლემა არსებობს. ჩვენ ბევრჯერ შევთავაზეთ მათ ბოძების ჩარჭობა, რომ მანქანები ვეღარ ავიდნენ, მაგრამ მერიის ერთადერთი დანაშაული არის ის, რომ სითი პარკს ვერ თუ არ აიძულებენ ე.წ პარკირების სახლები ააშენონ. რა თქმა უნდა ეს ფასიანი პარკირება უნდა იყოს, როგორც ყველა განვითარებულ ქვეყანაში. სხვა საკითხია ისიც, რომ ქართველი მანდ უმეტეს წილად არ წავა და არც დააყენებს. იმიტომ რომ, გამომდინარე ჩვენი პათოლოგიური სიზარმაციდან ზედმეტი 5 ნაბიჯის გადადგმა ეზარებათ და მანქანას ისევ შუა გზაზე დააგდებენ. მაგრამ ჯარიმებთან კომბინაციაში – ამან უნდა იმუშაოს. გარდა ამისა, კარგი იქნება თუ პოლიცია უფრო გააქტიურდება და მათ მეტი უფლებები ექნებათ.
საპატრულო პოლიცია ახსენეთ, რაში ადანაშაულებთ მათ კონკრეტულად?
მე მათი ძალიან კარგად მესმის. დღესდღეობით მაგ სტრუქტურაში არსებული ნეპოტიზმიდან გამომდინარე, მათ უბრალოდ ეშინიათ ხალხის გაჩერება და დაჯარიმება, იმიტომ რომ დიდი შანსია, ის ვისაც გააჩერებენ ვინმე ნაცნობს დაურეკავს უწყებაში და პოლიციელებს სამსახურიდანაც დაითხოვენ თუ რამეა…
ეხლა ვათვალიერებდი თქვენს გვერდს და საკმაოდ მწვავედ რეაგირებენ ავტომობილის მძღოლები, რამდენად ასრულებენ მუქარას, რამდენად დაცული ხართ მსგავსი ქმედებებისგან?
ნუ ჩვენ როგორც იცით ანონიმურად ვმუშაობთ, მაგრამ ჩვენი ვინაობა რომ გამომჟღავნდეს – კაცმა არ იცის, შეიძლება ფიზიკურადაც გაგვისწორდნენ ზოგზოგიერთები.
ძალიან სამწუხაროა… საბოლოო ჯამში როგორ შეფასებას გააკეთებდით? შეიძლება რომ გამოსწორდეს სიტუაცია თუ არაფერი ეშველება ჩვენს საგზაო მოძრაობას?
სიტუაცია გამოსწორდება მხოლოდ მაშინ, როდესაც საპატრულო პოლიცია და სხვა უწყებები შესაბამის დასჯის მეთოდიკას გამოიმუშავებს და პარალელურად მანქანების ტექდათვალიერებაც შემოვა ქვეყანაში. ჩვენ ჩვენი გვერდის მეშვეობით მაქსიმუმ სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაღვიძებას ვცდილობთ. რეალურად პატრული, რომ უფრო ეფექტური იყოს, ჩვენი გვერდი საჭირო აღარ იქნებოდა. სწორედ ამისთვის არის საჭირო ყველაფერი ის, რაც მანამდე დაგისახელეთ. რა თქმა უნდა არასწორ პარკირებაზე „წვნიანი“ ჯარიმების დაწერა იქნება სამართლებრივად სწორი, თუ სახელმწიფო უზრუნველყოფს პირველ რიგში შესაბამისი პარკირების სახლების აშენებას, მაგრამ ესეც დროებითი მოვლენაა, რადგან მოვა დრო და მაინც არ დარჩება თავისუფალი ადგილი.
მენტალიტეტი უნდა შეიცვალოს ჩვენი ხალხის, იმის გამო რომ, თუ ქართველი დანიშნულების ადგილას 5 მეტრის რადიუსში ადგილს ვერ ხედავს თვლის, რომ მას ეს უფლებას აძლევს მანქანა ლამის მაღაზიაში ან სადარბაზოში შეიყვანოს. როდესაც საზღვარგარეთ ვცხოვრობდი, ხშირად კილომეტრის დაშორებით გამიჩერებია მანქანა და ფეხით წამოვსულვარ. ნებისმიერი ევროპული დიდი ქალაქი იგივენაირად არის გადატენილი მანქანებით, მაგრამ იქ ვერ ნახავთ ტროტუარზე შეყენებულ ჯიპებს…
თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს საგზაო მოძრაობის განტვირთვის საუკეთესო საშუალება და როგორ ხედავთ საერთოდ ამ პრობლემას?
პირველ რიგში ჯარიმები უნდა გაიზარდოს 200%-ით როგორც მინიმუმ. ამასთან ერთად მართვის მოწმობაში საჯარიმო ქულების ჩაწერის სისტემა უნდა შემოიღოს მთავრობამ. გარდა ამისა რა თქმა უნდა საპატრულო პოლიციის მუშაობა უნდა გაუმჯობესდეს და აუცილელბად უნდა გადაიხედოს მართვის მოწმობის აღების გამოცდა და რადიკალურად უნდა შეიცვალოს.