LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიცანით, ფეხბურთელი გოგოები საქართველოდან: „დასახული მიზნების მიღწევაში არ გვიშლის ხელს ის, რომ გოგოები ვართ.. ჯერ ერთი წაგებაც არ გვაქვს“

199
Untitled design

„ჩვენ ვართ ერთ-ერთი ცოცხალი მაგალითი იმის, რომ გოგოებს დასახული მიზნების მიღწევაში არ გვიშლის ხელს ის, რომ გოგოები ვართ და რაღაც არ შეგვიძლია, ამიტომ, სჯობს, საკუთარი მიზნებისკენ მუდამ წინ მიიწევდეთ“, – ასეთ რჩევას აძლევს თანატოლ გოგოებს ადიგენის ქალთა ფეხბურთის გუნდის „ჭულეს“ წევრი მარი შავაძე.

მარი შავაძისა და მარიამ ბარაბაძის შესახებ სიუჟეტი „სამხრეთის კარიბჭემ“ მოამზადა.

„ჭულე“ სამი წლის წინ შეიქმნა. მარიამ ბარაბაძე და მარი შავაძე გუნდში დაარსების დღიდან თამაშობენ. სიუჟეტში გოგოები საკუთარ განვლილ გზას იხსენებენ და თანატოლებს ურჩევენ, მოტივაცია არასდროს დაკარგონ.

„როდესაც ოჯახში ვთქვი, რომ მინდოდა, ფეხბურთის თამაში დამეწყო და გუნდშიც ვყოფილიყავი, არანაირი უარყოფითი [რეაქცია] არ წამოსულა, პირიქით, დადებითად შეხვდნენ და დიდი სურვილი გამოთქვეს, რომ შეეძინათ ნივთები, რაც ფეხბურთის თამაშისთვის იყო საჭირო.

ვერ ვიტყვი, რომ როდესაც თამაში დავიწყე, საუკეთესოდ ან კარგად ვთამაშობდი. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში განვვითარდი, მაგრამ იმ პერიოდში, როდესაც კარგად ვერ ვთამაშობდი, ბიჭებისგან უარყოფითი დამოკიდებულება იყო – „გოგო ფეხბურთს არ უნდა თამაშობდეს..“

არც გუნდში გვიმატებდნენ და გარიყულები ვიყავით, თუმცა როდესაც წამოვიზარდეთ და უფრო მეტად განვვითარდით, როდესაც დაინახეს, რომ ქალს ფეხბურთის თამაში შეუძლია, ბიჭები უფრო დადებითად განეწყვნენ.

არ ყოფილა სიტუაცია, რომ ვიღაცის ნათქვამს ჩემთვის მოტივაცია დაეკარგა, პირიქით, ვცდილობ, რომ უფრო მეტად განვვითარდე და ამ სფეროში წარმატებას მივაღწიო“, – ამბობს მარიამ ბარაბაძე.

როგორც მარი შავაძე ამბობს, ქალთა გუნდ „ჭულეს“ ჯერ ერთი წაგებაც არ აქვს:

„ამ გუნდში მისი ჩამოყალიბებისთანავე ვთამაშობ. სანამ სკოლაში თამაშს დავიწყებდი, სახლში ვთამაშობდი და სკოლის გუნდში თამაშიც ასე გადავწყვიტე.

არანაირი წინაღობა არ ყოფილა, მაგრამ ბებია-ბაბუისგან იყო ასეთი ხედვა: „გოგო ხარ და რა გინდა ფეხბურთში“.

როდესაც ფეხბურთის თამაშს ვიწყებდით, ადიგენში არც ბიჭებს არ აქვთ დიდი წარმატება და გოგოებსაც ასე უყურებდნენ: „თქვენ რა უნდა ითამაშოთ, ბიჭები ვერ თამაშობენო“, მაგრამ ეს ყველაფერი დავძლიეთ, ვითამაშეთ და მოვიგეთ, ჯერ ერთი წაგებაც არ გვაქვს მასტერლიგის 7-7-ზე“, – ამბობს მარი შავაძე.

მარიამ ბარაბაძის მამა, მამუკა ბარაბაძე, რომელიც ასევე ფეხბურთელია, „სამხრეთის კარიბჭესთან“ აღნიშნავს, რომ შვილის წარმატებები ახარებს და მისთვის წინაღმობა არასდროს შეუქმნია:

„მიყურებდა, მოეწონა თამაში და შემდეგ მიჰყვა და მიჰყვა. არ ვუშლიდი, სტადიონზე დადიოდა, ვარჯიშობდა და კარგი ფეხბურთელი გამოვიდა. არანაირი წინაღობა არ ჰქონია, ყველა მეუბნებოდა, შენი გოგო კარგად თამაშობსო და მეც მიხაროდა“, – ამბობს მამუკა ბარაბაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები