USAID/Georgia საზოგადოებას დამოუკიდებელი საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველ ქალ მფრინავს აცნობს, ეს 29 წლის ნადია ბენკლიანია. როგორც USAID/Georgia-ში ამბობენ, მიზნისა და წარმატების მისაღწევად, ავიაციაში შრომა და ბრძოლა, ნადიას სხვებზე მეტი დასჭირდა, იმიტომ, რომ ქალი იყო.
„ფრენის განცდების გადმოცემა ძალიან რთულია, იმდენ რამეს გრძნობ – პასუხიმგებლობას, საკუთარი თავის რწმენას, სიამაყისა და ბედნიერების განცდას. განსაკუთრებით სასიამოვნო და საპასუხისმგებლოა, როცა თვითმფრინავს უშუალოდ შენ მართავ. წარმატებულად განხორციელებული პროცესი გარწმუნებს იმაში, რომ შენ შეძელი და სწორი არჩევანი გაგიკეთებია, მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა“, – ამბობს ნადია ბენკლიანი.
„როცა გოგონებისთვის ვქმნით უსაფრთხო და კარგ გარემოს, ვეხმარებით მათ გახდნენ ლიდერები, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საზოგადოების განვითარებაში. ვამაყობთ, რომ საქართველოში ხელს ვუწყობთ გოგონებს გახდნენ სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები, მეწარმეები, საჯარო მოხელეები, სამხედრო ოფიცრები, სპორტსმენები და მფრინავებიც კი“, – აცხადებენ USAID/Georgia-ში.
აღსანიშნავია, რომ პროფესიით მფრინავი ქალები საქართველოს იმ პერიოდშიც ჰყავდა, როცა ის დამოუკიდებელი არ იყო. ეროვნულმა არქივმა პირველი ქართველი მფრინავი ქალების, რუსუდან ჟორდანიასა და ნინო ხუბულავას ისტორია შემოგვინახა. მართალია, მათ შესახებ ბევრი ცნობა არ მოგვეპოვება, თუმცა დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი იყვნენ პირველი ქართველი მფრინავი ქალები, რომლებიც საბჭოთა კავშირის პერიოდში საქმიანობდნენ.