აჭარის ტელევიზიის ახალდანიშნული საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი აბაზაძე კლინიკა “მედცენტრში” გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, კლინიკაში შეყვანამდე ტელევიზიაში ინციდენტი მოხდა. თათბირის დროს ჟურნალისტები და საინფორმაციო სამსახურის ახალდანიშნული უფროსი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გიორგი აბაზაძე კლინიკაში მაღალი წნევით და გულმკერდის არეში ტკივილით შეიყვანა. აბაზაძეს კლინიკაში კვლევები უტარდება.
„ფორტუნა“ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს, თეონა ბაკურიძეს მომხდართან დაკავშირებით ესაუბრა.
„დღეს თათბირი არ ყოფილა. ჩვეულებრივი სამუშაო დღე დაიწყო. რასაკვირველია, დავუსვით კითხვები გიორგი აბაზაძეს, თუ რატომ აიღო მან პასუხისმგებლობა, როდესაც მას ამ საქმის გამოცდილება არ აქვს. რა თქმა უნდა, იყო ხმამაღალი საუბარი, გამომდინარე იქიდან, რომ მასთან ბევრი კითხვა გვქონდა. ვუთხარით, რომ თუ მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა, ეთქვა და ჩვენ მას დავიცავდით. ამ კონტექსტში ის ჩვენთან აღარ შემოსულა. ამის შემდეგ გიორგი ერთ-ერთმა თანამშრომელმა ნიუსრუმიდან გაიყვანა, შემდეგ ის გადავიდა რადიოს შენობაში და იქ რა მოხდა, არ ვიცით. გვაქვს ინფორმაცია, რომ მან განცხადების დაწერა სცადა. ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელთან უთხრა, დავხიეო. გვაქვს ეჭვი, რომ მასზე ხორციელდება ზეწოლა. სწორედ ეს მიმართულება უნდა შეისწავლოს სახალხო დამცველმა. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ჩვენ არ ვიცით, რა მოხდა რადიოს შენობაში. ტელევიზიიდან ის ჯანმრთელი გავიდა“, – გვიამბო თეონა ბაკურიძემ.
ჟურნალისტმა სააგენტოსთან საუბარში დაასახელა თუ ვისი დანიშვნა უნდათ საინფორმაციოს უფროსად თავად ტელევიზიის თანამშრომლებს.
„ჩვენი მოთხოვნაა, რომ არხზე მოიყვანონ არა გამოუცდელი კადრები, არამედ პროფესიონალები. ერთი კვირის წინაც შევთავაზეთ დირექტორს, რომ სანამ არ შეჩერდება ეს პროცესი, ვითარების განსამუხტად რედაქტორად შემოიყვანონ ლაშა ზარდინავა და ირინა ყურუა, რომლებიც არიან გამოცდილი, ძველი კადრები. დირექტორმა გვითხრა, რომ ჩვენს აზრს არ გაითვალისწინებდა, მე ვინც მინდა, ის დავნიშნე, თუ არ დაემორჩილებით, გაგყრით სამსახურიდანო – დაახლოებით ასეთი იყო მისი რიტორიკა“ – აცხადებს ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, გიორგი აბაზაძე საინფრომაციოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლად 4 მარტს დაინიშნა.