LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაგრძელდება თუ არა ლარის გაუფასურება მომდევნო დღეებშიც?

83

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.

ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3537 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3527 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0010 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5942 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5920 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0022 ლარი შეადგინა.

”საზოგადოება და ბანკების” ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე ლარის პერმანენტულ გაუფასურებას ერთეულ მსხვილ ტრანზაქციებს და წინასაარჩევნო მოლოდინებს უკავშირებს.

როგორც მან ”ფორტუნასთან” განაცხადა, ლარის კურსზე ამ ეტაპზე, ფუნდამენტური ფაქტორები არ მოქმედებს.

”ჩემი ინფორმაციით, ფუნდამენტური ფაქტორები ამ ეტაპზე ლარის კურსზე არ მოქმედებს. წესით გაუფასურების ტენდენცია არ უნდა გაგრძელდეს. ეროვნული ბანკი,  აჟიოტაჟის ჩაცხრობას ცდილობს, მან აგვისტოდან მოყოლებული 180 მლნ დოლარი გამოიტანა სავალუტო ბაზარზე. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობამ გაცილებით მეტი არ უნდა იმუშავოს იმისთვის, რომ ქვეყანაში სავალუტო ბალანსი და შემოდინებები იყოს დაცული”, – განაცხადა გიორგი კეპულაძემ ”ფორტუნასთან”.

ამასთან, კეპულაძის აზრით, ლარის კურსი, ახალი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება, რადგან ქვეყნის ეკონომიკა არც ისე კარგ მდომარეობაშია.

”ლარის კურსი და ზოგადად, ეკონომიკა, სავარაუდოდ, მომდევნო მთავრობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება. ლარი, როგორც წესი, ზუსტად ასახავს საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას. როდესაც ის გაუფასურებულია, მაშინ საქართველოს ეკონომიკა სახარბიელო მდგომარეობაში არ არის”, – განაცხადა კეპულაძემ.