გაეროს უშიშროების საბჭოში ვენესუელის შესახებ წარდგენილ რეზოლუციებს მხარი არ დაუჭრეს. მხარდაჭერა ვერ მოიპოვა ვერც რუსეთის შეთავაზებულმა დოკუმენტმა. დოკუმენტის წინააღმდეგ 15 წევრიანი საბჭოს შვიდმა წევრმა მისცა ხმა, ოთხმა კი თავი შეიკავა. რუსეთის მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტს მხარი თავად რუსეთმა, ჩინეთმა, ეკვატორულმა გვინეამ და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ დაუჭირეს.
ვენესუელაში პოლიტიკური კრიზისის დარეგულირების გზად მოსკოვი დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგის დაწყებას მიიჩნევს, ამერიკის შეერთებული შტატები კი ქვეყანაში სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოდის, თუმცა აშშ-ის პროექტს რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს.
23 იანვარს ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა, თუმცა ნიკოლას მადურო პოსტის დატოვებას არ აპირებს.
გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.