„საქართველოში საჯარო მოხელეთა 34%-ს საჯარო სამსახურში მუშაობის განმავლობაში სექსუალური შევიწროება გამოუცდია,“ – ამის შესახებ გაეროს ქალთა ორგანიზაციის ახალ კვლევაშია ნათქვამი.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ყველაზე ხშირად სექსუალური შევიწროების მსხვერპლები ახალგაზრდა, 35 წლამდე ასაკის ქალები ხდებიან.
ამავე კვლევის თანახმად, ქალი საჯარო მოხელეების 93%-ს სექსუალური შევიწროება სერიოზულ სოციალურ პრობლემად მიაჩნია, კაცების შემთხვევაში კი ასე მხოლოდ 44% ფიქრობს.
ახალი კვლევის ანგარიში, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით, CRRC-საქართველომ ჩაატარა, ავტორებმა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნეს.
გაეროს ქალთა ორგანიზაციაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საჯარო სამსახურში სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების გავრცელების შესახებ ეს პირველი სპეციალიზებული კვლევაა და ამ დრომდე პრობლემის შესახებ მონაცემები პრაქტიკულად არ არსებობდა.
კვლევის შედეგად ირკვევა, რომ სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროება საქართველოში გავრცელებული, მაგრამ დაფარული პრობლემაა.
„მის შესახებ შესაბამისი პირისა თუ უწყებისთვის ოფიციალურად მსხვერპლების მხოლოდ 10%-ს უცნობებია. გამოკითხულებს მიაჩნიათ, რომ თუ სექსუალური შევიწროების შესახებ განაცხადებენ, ეს მათ კარიერაზე ნეგატიურად აისახება,“ – ვკითხულობთ ანგარიშის ტექსტში.
კვლევაში ასახულია საჯარო მოხელეების დამოკიდებულებები პრობლემაზე რეაგირებისა და შეტყობინების მექანიზმების შესახებაც.
გამოკითხულთა 98% ფიქრობს, რომ ხელმძღვანელები სექსუალურ შევიწროებას სერიოზულად უნდა მიუდგნენ, 95%-ს კი მიაჩნია, რომ სექსუალური შევიწროების ჩამდენები უნდა დაისაჯონ.
გარდა ამისა, კვლევის გამოკითხულთა 94% აცხადებს, რომ უფლება აქვს, სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შესახებ განაცხადოს, 80%-ს კი მიაჩნია, რომ შეტყობინება ძალადობის შეჩერების შედეგიანი ხერხია. გამოკითხულთა უმეტესობას ურჩევნია, შეტყობინება უწყებაშივე შეძლოს.
„აღსანიშნავია, რომ საჯარო სამსახურში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და აღმოფხვრის კუთხით გაეროს ქალთა ორგანიზაცია საჯარო სამსახურის ბიუროსთან მჭიდროდ თანამშრომლობს.
ამ თანამშრომლობის ფარგლებში, 2020-2021 წლებში 8 საჯარო უწყებამ სექსუალური შევიწროების გასაჩივრების შიდა მექანიზმები შეიმუშავა და დანერგა. კვლევის შედეგად მიღებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრაში ღირებულ როლს შეასრულებს,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
ორგანიზაციის ცნობით, კვლევა საერთაშორისო მეთოდოლოგიების მიხედვით, 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლამდე მიმდინარეობდა და მან როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი ნაწილი გააერთიანა.
კვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.