LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

74
გაერო

16 ივნისს, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, საქართველოსა და მსოფლიოს 56 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია – “აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” რეზოლუცია მიიღო.

გენერალურმა ასამბლეამ რუსეთის ქმედებები კიდევ ერთხელ დაგმო – პრემიერი გაეროს გზავნილს მიესალმება

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რეზოლუცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს გმობს, ადასტურებს დევნილთა უფლებას – ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნდნენ და მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას უსვამს ხაზს.

საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას პრაქტიკული დატვირთვაც აქვს, რადგან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს.

“აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე.” – აცხადებენ სამინისტროში.

რეზოლუცია ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს მოუწოდებს, გაააქტიურონ ძალისხმევა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც  იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს შეუწყობს ხელს.

როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან რეზოლუციის თანაავტორთა რიგებს 57 ქვეყანა შეუერთდა, რაც გასულ წელთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია, ეს კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეზოლუცია უკვე გლობალურ ინიციატივას წარმოადგენს.

“პანდემიით გამოწვეული რეგულაციებისა და შეზღუდვების მიუხედავად, საქართველომ ამჯერადაც შეძლო და შეინარჩუნა ყოველწლიური დინამიკა, რაც გამოიხატა, როგორც დევნილების შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის, ასევე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის მიღებაში.” – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან წარადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები