ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 48-ე სესიის ფარგლებში, რეზოლუციის – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ შესრულების თაობაზე უმაღლესი კომისრის ანგარიშის განხილვა გაიმართა, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას ეხება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა გაერო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს მიაწოდა განახლებული ინფორმაცია, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში შექმნილი რთული ჰუმანიტარული მდგომარეობის თაობაზე.
ამასთან, ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად პანდემიისა, უხეშად ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, რომელიც, მათ შორის, მოიცავს სიცოცხლის უფლების ხელყოფის, წამებისა და არასათანადო მოპყრობის, გატაცებების, თვითნებური დაკავებების და ჯანმრთელობის უფლების დარღვევის შემთხვევებს.
უწყების ინფორმაციით, ამავე კონტექსტში ხაზი გაესვა, რომ ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს და ლტოლვილებს კვლავ არ ეძლევათ საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების შესაძლებლობა და რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია – რუსეთის მუდმივი დესტრუქციული ქმედებები ქმნის იძულებით გადაადგილების ახალ საფრთხეს.
ამავე ინფორმაციის თანახმად, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან მავთულხლართების უკანონო აღმართვამ, საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვამ და სამედიცინო ევაკუაციაზე უარის თქმამ ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესება და ადამიანების გარდაცვალება გამოიწვია.
სამინისტროს ცნობით, მანვე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების ანექსიის პროცესის გააქტიურებაზე, რომლის უახლეს ნათელ მაგალითებს, ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ე.წ. „შეთანხმების“ ხელმოწერა და ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის დუმის არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების გახსნა წარმოადგენს. სამინისტროსვე განცხადებით, ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ოკუპირებულ რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების ხელყოფის ფაქტებს.
„მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მიუხედავად რუსეთის ფედერაციის მიერ პასუხისმგებლობაზე თავის არიდების მცდელობისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს საქართველოს განუყოფელი რეგიონების — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციასა და ეფექტურ კონტროლს და ასევე, ადგენს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტების მიმართ.
აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია ძირს უთხრის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესს და აფერხებს, როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესს, ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობას.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობას, რათა მოხდეს რუსეთის მიერ, ევროკავშირის შუამდგომლობით, 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მექანიზმების, უპირველესად, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის დაშვება“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების განცხადებით, აღსანიშნავია, რომ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიში მომზადდა 2021 წლის 24 მარტს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის (თანამშრომლობა საქართველოსთან) მოთხოვნის შესაბამისად.
მათივე ცნობით, გამომდინარე იქიდან, რომ გაერო-ს უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლებს, გასული წლების მსგავსად, კვლავაც არ მიეცათ ოკუპირებულ რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა, უმაღლესი კომისრის ანგარიში შეიცავს მოწოდებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უმაღლესი კომისრისა და სხვა საერთაშორისო თუ რეგიონული ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების დაშვების თაობაზე.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, მოლდოვის, პოლონეთის, უკრაინის, ფინეთის და შვედეთის დელეგაციებმა.
ამასთან, დელეგაციები მიესალმნენ ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით მიღწეულ პროგრესს, განსაკუთრებით, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებას. გარდა ამისა, დელეგაციებმა გამოხატეს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა.
ასევე, შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, განათლებისა და საკუთრების უფლების დარღვევის, წამებისა და არასათანადო მოპყრობის, თვითნებური დაკავებების, ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციის შემთხვევებზე.
სამინისტროს განცხადებით, ხაზი გაესვა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებას და აღინიშნა, რომ ამ უკანასკნელმა დაადგინა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტების მიმართ.
ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების შესვლის საჭიროება და მონიტორინგის განხორციელების აუცილებლობა.