LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაძვირებული სიკვდილი: რა ღირს ბილეთი იმქვეყნად

261

„სიკვდილის უფლებაც არ გვაქვს, ყველაფერი გაძვირდა, კუბოებიც კი,“ – მიშა ბაბუა ჯერ სიკვდილს არ აპირებს, მაგრამ მეზობლის პანაშვიდზე დაკრძალვის გაძვირებას აქტიურად განიხილავს.

სიკვდილი გარდაცვლილის ოჯახისთვის დასასრული სულაც არ არის, რადგან ქარონი გარდაცვლილთა სამყაროში უფასოდ არავის გადაიყვანს! ფასი კი, ბერძნული მითოლოგიის ერთი მონეტისგან განსხვავებით, ქართულ რეალობაში საკმაოდ მსუყედ გამოიყურება – 2000 ლარი, ეს დაკრძალვის ყველაზე დაბალი ღირებულებაა.

დამკრძალავ კომპანია „ჰადესს“ ფასების პრეისკურანტი საკუთარ ვებგვერდზე აქვს განთავსებული და მომსახურების მიხედვით ტარიფები  ასე გამოიყურება:

  • ბალზამირება – 80 ლარი;
  • მაცივარ-ჩასასვენებელი – 180ლარი;
  • კუბოების ფასი, სულ მცირე, 220 ლარიდან იწყება და 5000-მდე აღწევს;
  • კატაფალკის მომსახურება ქალაქში 200 ლარი ღირს;
  • 120-140 ლარი ღირს ავტობუსის მომსახურება ქალაქის სასაფლაოებამდე.

“ჰადესის” წარმომადგენელი „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ ბოლო წლებში ფასები უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაიზარდა და მომხდარს ინფლაციას უკავშირებს.

ფულის ხარჯვის მეორე ეტაპი სასაფლაოებზე იწყება

სარიტუალო მომსახურების გამწევი კიდევ ერთი ორგანიზაცია  „ჰერმესის” ინფორმაციით, რომელიც თბილისის სასაფლაოებს განკარგავს, ზონირებულ  სასაფლაოებზე ერთი მონაკვეთის ღირებულება 50-100 ლარიდან იწყება. თუმცა, შეიძლება, დაბალფასიანი ნაკვეთები თავისუფალი არ იყოს და ამ შემთხვევაში,  ღირებულება 400 ლარამდე ადის.

ფასს სასაფლაოს ადგილმდებარეობა და რელიეფი განსაზღვრავს. გაცილებით მაღალია საფლავების ღირებულება კერძო სასაფლაოებზე, აქ ფასი 1000 ლარსაც აღემატება. მიწის ნაკვეთის ღირებულებას საფლავის გაჭრის ღირებულება ემატება,  რომელიც 240 ლარიდან იწყება.

ამ ყველაფერს ქართული ტრადიციისთვის დამახასიათებელი ქელეხის ხარჯებიც რომ დავუმატოთ, დავრწმუნდებით, რომ ადამიანის გარდაცვალება ოჯახისთვის, სულიერთან ერთად, მძიმე ფინანსური დარტყმაც არის.

ამ ყველაფერში პოზიტიური მხოლოდ ერთი ფაქტორია – იმქვეყნად გასამგზავრებელი ბილეთის სიძვირე სიკვდილის გადასაფიქრებლად კარგი მიზეზია. ასე რომ, გაუფრთხილდით თავს და საკუთარი ახლობლების ბიუჯეტს.

დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ!

 

თამუნა გოგუაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები