LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაძვირდება თუ არა ფასები პროდუქტებზე: ეკონომიკის ჩაკეტვა აუცილებელი აღარ არის

172
market

პანდემიამ, რომელსაც მსოფლიო უკვე დაახლოებით 9 თვეა ებრძვის, მძიმე ეკონომიკური დარტყმა მიაყენა მსოფლიოს ეკონომიკას. მათ შორის ბუნებრივია საქართველოსაც.
ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან მიმართებაში დღითიდღე უფასურდება. ამ საკითხთან დაკავშირებით „ფორტუნა“ ეკონომიკის ექსპერტს, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკან გიორგი ღაღანიძეს ესაუბრა.

 

რამდენად აისახება ლარის გაუფასურება პროდუქტების და თუნდაც საწვავის ფასებზე? გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში იმპორტირებული ზეთის ფასმა შესაძლოა მოიმატოს, ვინაიდან იმპორტიორ ქვეყანაში ნედლეულის დაბალი მოსავალია, რის გამოც რუსეთში ფასების მინიმუმ 20%-მდე ზრდას ვარაუდობენ.

ის, რომ კორონავირუსი არცერთი ქვეყნის ეკონომიკას არ წაადგებოდა, ცხადია. როდესაც კითხვა კონკრეტული პროდუქციის დასახელებაზეა, გასათვალისწინებელია ის გარემოება თუ რა პირობით შემოდის ეს პროდუქტი ქვეყანაში. ზოგიერთი პროდუქტის შემოტანას იმპორტიორები სექტემბრის ბოლოს აპირებენ, ზოგი უკვე ნაადრევად, დაახლოებით აგვისტოშია შემოტანილი. შესაბამისად ფასებიც ამაზე იქნება დამოკიდებული. მეორე საკითხი არის ის, რომ ფასების ზრდა მოსალოდნელი იყო, რადგან ჩვენი ეკონომიკა დამოკიდებულია ტურისტულ სექტორზე. პანდემიის გამო კი დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის შემოდინება მოაკლდა ქვეყანას.

ხელისუფლების პოზიციიდან რომ ვისაუბროთ, ამ შემთხვევაში რა უნდა გაეკეთებინა სახელმწიფოს – არავისთვის დახმარება არ მიეცა და შეენარჩუნებინა ლარის კურსი?

სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის არჩევანი იყო ძალიან ცუდი. უამრავი ქვეყანა იდგა ამ არჩევანის წინაშე. მათ შორის აშშ-ც. თუმცა აშშ-ს უდიდესი და უმძლავრესი ეკონომიკური მდგომარეობა აქვს. ამასთან, ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა დოლარს იყენებს. ამიტომ აშშ-მ ჩართო დაზგა და დაბეჭდა დამატებითი დოლარები. მათზე ნაკლებად მოქმედებს დოლარის გაუფასურება, მაგრამ ჩვენ ამ ყველაფერს ვერ ვიზამდით. ამ რეალობიდან გამომდინარე უნდა შევაფასოთ დღევანდელი ეკონომიკა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ეკონომიკის გაჩერება და მკაცრი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება, ვინაიდან ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება…

ეკონომიკის დაკეტვის რესურსი ფიზიკურად აღარ გვაქვს. ერთადერთი რამ, რითაც შეიძლება ეკონომიკა ამუშავდეს, ჩაკეტვის მექანიზმზე უარის თქმაა.

რამდენიმე დღის წინ, აზიის განვითარების ბანკმა პოზიტიური პროგნოზი გააკეთა, რომ მომავალ წელს შესაძლოა ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 4-5%-ით გაიზარდოს. თქვენი აზრით, ეს ერთი წელი როგორ უნდა გაიაროს ქვეყანამ? რა მნიშვნელოვანი ღონისძიებები უნდა განახორციელოს სახელმწიფომ ეკონომიკის გადასარჩენად?

სამწუხაროდ, თუ ჩვენ ვსაუბრობთ კრიზისის იმ მოცემულობაზე, რაც ამ კრიზისმა ჩამოაყალიბა, მაშინ გეტყვით, რომ პრობლემები ჩვენ დამოუკიდებლობიდან მოყოლებული გვაქვს. ხშირად გვესმის კითხვა, თუ რატომ ვართ ტურიზმზე ასე დამოკიდებული – სხვა არჩევანი არ გვქონდა.

იმის ფონზე, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა იმატებს, შესაძლოა რეგულაციები გამკაცრდეს. ამ შემთხვევაში, როგორ შეიძლება მოსახლეობამ შეძლოს კრიზისის დაძლევა?

ამა წლის მარტში, მაშინ, როდესაც არავინ არაფერი არ ვიცოდით, 17 შემთხვევა იყო. უმწვავესი პრობლემის წინაშე ვიდექით. ახლა, როდესაც ეს მძიმე პერიოდი გავიარეთ და ცოტა დრო მოვიგეთ, მეორე ეტაპიც მოგვიახლოვდა, თუმცა ახლა უკვე ბევრი რამ ვიცით ვირუსთან დაკავშირებით. ინფიცირებულთა გაზრდილი რაოდენობაც გვაქვს, მაგრამ ახლა ცხადია, რომ ვირუსი ვერაგი არაა და მისი მართვა შესაძლებელია. აქედან გამომდინარე, ეკონომიკის ჩაკეტვა აუცილებელი აღარ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები