„ჩვენს მიერ გადმოყვანილ იქნა თამაზ გინტურის ავტომანქანა და ამჟამად უტარდება ექსპერტიზა“, – აღნიშნულის შესახებ შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვალერი თელიამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მანქანას რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი, ამასთან, ავტომობილში სისხლის კვალიც არის. მისივე თქმით, ამ წუთშიც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა „გატაცებული ლევან დოთიაშვილი უვნებელი და საღ-სალამათი დაბრუნდეს“.
„მიღწეულ იქნა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ავტომანქანა გადმოგვეცეს შესაბამისი ექსპერტიზისთვის. ჩვენს მიერ გადმოყვანილ იქნა აღნიშნული ავტომანქანა და ამჟამად უტარდება ექსპერტიზა. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მანქანას რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი, სისხლის კვალიც არის ავტომობილში. გამოძიება მუშაობს ძალიან ბევრ ვერსიაზე“, – აღნიშნა თელიამ.
შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.