LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადასახადის გადახდისგან თავის არიდება აღარ მოხდება

111

საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილება გადასახადის გადახდისგან თავის არიდების რისკს ამცირებს. საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებით, 2017 წლიდან დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის დროდ განისაზღვრა საკომპენსაციო თანხის ( ე.წ. „ავანსის“) გადახდის მომენტი, თუკი თანხის გადახდა საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ცვლილების შეტანა რამდენიმე გარემოებიდან გამომდინარეობს. მათ შორისაა როგორც საერთაშორისო ვალდებულება, ისე გადასახადისგან თავის არიდების გახშირებული შემთხვევები.

”ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით საქართველომ აიღო ვალდებულება დღგ-ის მარეგულირებელი ნორმების ჰარმონიზაცია მოახდინოს ევროპის საბჭოს №2006/112 დირექტივასთან. აღნიშნული მუხლი აწესრიგებს საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის საკითხებს. დირექტივის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრას ექვემდებარება წინასწარი გადახდა (ავანსი), დღგ კი ერიცხება მიღებული თანხის ოდენობას და გადაიხდება გადახდის მიღების მომენტში”, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

მათივე თქმით, პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც კომპენსაციის გადახდის ვალდებულება არსებითად წინ უსწრებს თვითონ საქონლის მიწოდებას. არსებული პრაქტიკით, პრობლემურ საკითხს წარმოადგენს საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის შემდგომ დასაბეგრი ოპერაციის დეკლარირება, როდესაც საქონლის მიმწოდებელს/მომსახურების გამწევს კუთვნილი გადასახადის თანხა ოპერაციის დაბეგვრის მომენტში უკვე გახარჯული აქვს. ანალიზი ცხადყოფს, რომ დღეის მდგომარეობით კომპანიებს ერიცხებათ ასობით მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანება, რომელიც წარმოშობილია იმ მიზეზით, რომ დაბეგვრის მომენტში გადასახადის თანხა კომპანიებს აღარ გააჩნდათ, რის გამოც მისი ადმინისტრირება ფაქტობრივად შეუძლებელია, რაც ასევე იწვევს ბაზარზე არათანაბარი კონკურენციის პირობებს.

”აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიზანსაც აქამდე არსებული ორმაგი მარეგულირებელი ნორმის გასწორება წარმოადგენდა. ეს საკითხი განხილული იყო ბიზნესის წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით, მათთან, ვისაც უშუალოდ შეეხება აღნიშნული ცვლილება. საგადასახადო კოდექსის ცვლილებამ მოაწესრიგა საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც იძლეოდა გადასახადის გადახდის თავიდან არიდების შესაძლებლობას და ის ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვა”, – განმარტეს უწყებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები