სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა უწყების ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ელექტროენერგიის დეკემბრისა და იანვრის თვეების გადასახადის დარიცხვა არაერთი მომხმარებლის შემთხვევაში დარღვევით, გაზრდილი ტარიფით განხორციელდა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან 100-მდე განცხადება შემოვიდა და შესწავლის პროცესში ვართ, ჩავთვალეთ, რომ ეს არ არის საკმარისი თუნდაც საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე და მათ შორის იმ კითხვებიდან გამომდინარე, რაც გაგვიჩნდა. ერთადერთი სწორი გზა იქნება, რომ შევიდეთ კომპანიებში, ადგილზე გამოვითხოვოთ სწორი ინფორმაცია და დოკუმენტაცია.
ამ გზით უნდა დავადგინოთ სიმართლე, თუ რა ხდება, რა ხარვეზებია და არის თუ არა ის პრობლემები, რაზეც მოქალაქეები მიგვითითებენ“, – განაცხადა ფანგანმა.
მისივე თქმით, ასევე დასადგენია დარღვევის მასშტაბი და ხარისხი.
„ყოველთვის დიდი სიფრთხილით ვეკიდებით ისეთ შემთხვევებს, როდესაც ადგილი გვაქვს სისტემურ დარღვევებთან, რადგან ეს არის ისეთი პრობლემა, რომელიც მარტივი ჯარიმით შეიძლება იქნას აღმოფხვრილი. სწორედ ამიტომ, ყველა სცენარი განიხილება. გარკვეული ინფორმაცია უკვე გვაქვს და როგორც ვიცით, სერიოზულ დარღვევასთან საქმე არ გვაქვს, მაგრამ ეს ინფორმაცია თავად კომპანიებისგან მივიღეთ.
როგორც ცნობილია, გადამოწმების შედეგად, „თელასის“ და „თელმიკოს“ აბონენტთა 0,1% -ის შემთხვევაში, დაახლოებით 700 აბონენტთან დადგინდა გარკვეული შეცდომები, რომელიც უკვე გასწორებულია – ეს მონაცემები გამოვითხოვეთ კომპანიებისგან. მათ გადაამოწმეს ის საეჭვო დარიცხვები – ეს არის მათი მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია, მაგრამ ჩვენ უშუალოდ გვსურს შესვლა და ბილინგის ბაზების ნახვა. ვაპირებთ, რომ უმოკლეს ვადებში შევისწავლოთ მთლიანი პროცესი. ამისთვის შეირჩა ჩვენ თანამშრომელთა ძალიან დიდი ჯგუფები, რომლებიც ორივე კომპანიაში ერთდროულად შევა“, – აღნიშნა გიორგი ფანგანმა.
მისივე თქმით, 3 თებერვლის სხდომაზე სემეკი სწორედ „თელასისა“ და „თელმიკოს“ საკითხზე იმსჯელებს.