19-22 სექტემბერს, ბათუმში, ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ტრადიციულად, რეგიონს ფესტივალის მონაწილეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ესტუმრებიან.
ფესტივალის ფარგლებში ვიზიტორები გასვლით ტურებში მიიღებენ მონაწილეობას. ისინი ფრინველებზე დაკვირვების პროცესს ჭოროხის დელტაზე, პალიასტომის ტბასა და სახალვაშოს სადამკვირვებლო პლატფორმაზე დაესწრებიან.
მსურველებს რეგისტრაციის გავლა ფესტივალის გვერდზე შეუძლიათ.
19 სექტემბერს ფესტივალი ქართველი და უცხოელი ექსპერტების ლექციებით გაიხსნება.
20 სექტემბერს იგეგმება გასვლითი ტური ჭოროხის შესართავთან, რომელიც მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენს გადამფრენი ფრინველებისთვის. ტურის მონაწილეები ინფორმაციას მიიღებენ ჭოროხის შესართავის შესახებ, გაეცნობიან იქ არსებულ ფრინველებს და დააკვირდებიან ფრინველთა დარგოლვის პროცესს.
21 სექტემბერს გადამფრენ ფრინველებს პალიასტომის ტბასა და მდინარე მალთაყვას შესართავთან დააკვირდებიან. ტურის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ფრინველების მრავალ სახეობას, შეისწავლონ ლანდშაფტი და ნავით გაისეირნონ პალიასტომის ტბაზე.
22 სექტემბერს ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება სახალვაშოს სადამკვირვებლო პლატფორმაზე გაიმართება. სახალვაშო ფრინველებზე დაკვირვების გლობალურად მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც სეზონზე მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი მიგრირებს. სახალვაშოს პლატფორმაზე ფესტივალის ფარგლებში განხორციელდება ეკოსაგანმანათლებლო აქტივობები, მათ შორის, მოკლე ლექცია ფრინველების მნიშვნელობასა და მათი დაცვის აუცილებლობაზე. გაიმართება ბაზიერების შოუ და ფესტივალის შემაჯამებელი ღონისძიება.
ფესტივალის პროგრამის ნახვა შესაძლებელია სპეციალურ ბმულზე.
პლატფორმებსა და ფრინველებზე დაკვირვების ლოკაციებზე გასვლა ტრანსპორტით, ბინოკლებით და გიდით იქნება უზრუნველყოფილი.
ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება.